ზაზა 1-მა სეზონის პირველი მარცხი დინამოსთან განიცადა

ზაზა 1-მა სეზონის პირველი მარცხი დინამოსთან განიცადა

2 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩი გაიმართა. ცხადია, ყველაზე მეტ ინტერესს იწვევდა გათამაშების დაუმარცხებელი ლიდერ “ზაზა 1”-ისა და მეორე ადგილზე 1 წაგებით მყოფი “დინამოს” დაპირისპირება. მატჩს არც გულშემატკივარი აკლდა და არც დაძაბულობა. შეხვედრა ძალიან ემოციურად, საინტერესოდ წარიმართა და ქომაგმაც დიდად ისიამოვნა.

შეხვედრა უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა “დინამომ”, რომელმაც მეტოქე მეორე და მესამე პერიოდებში გატეხა და მოპოვებული 19-ქულიანი უპირატესობა ბოლო ათწუთულში შეინარჩუნა. საბოლოოდ “დინამომ” 82:74 იმარჯვა, რაც ზუსტად იმდენი სხვაობაა, რამდენითაც პირველ წრეში “ზაზა 1”-თან დამარცხდა (65:73). ორივე გუნდს თითო წაგება აქვს და თუკი რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს მათ კვლავ თანაბარი ულები ექნებათ, ცხრილში უმჯობეს ადგილს რეგულარულის ყველა მატჩში ბურთბის საერთო შეფარდება გადაწყვეტს. 

გამარჯვებულ დინამოელებს 15 ქულით და 15 მოხსნით ვოვა თავაქარაშვილმა ულიდერა. 15 ქულა დააგროვა გეგა ჭაბუკიანმა, ხოლო 16 ქულით გუნდის ბომბარდირი გახდა გიორგი ბიგანაშვილი. “ზაზა 1”-ში 16 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. 

მიმდინარე ჩემპიონატის 24 მოგებით დაწყების შემდეგ “ზაზა 1”-ისთვის “დინამოსთან” მარცხი იყო პირველი. ზაზას აკადემიის გუნდი პირველობას ინარჩუნებს იმის ხარჯზე, რომ “დინამოზე” 1-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ბურთბის საერთო შეფარდებით კი “დინამო” “ზაზა 1”-ს გვარიანად უგებს – 144 ქულითაა პლუსში. დინამოელებს რეგულარულ ჩემპიონატში 2 მატჩი დარჩათ, ზაზელებს კი – 1. რეგულარულის მოგებას ფორმალური სახე აქვს, რადგან მოედნის უპირატესობა თბილისური გუნდების დაპირისპირებისას არ მოქმედებს, რადგან ყველანი საშინაო მატჩებს ოლიმპიურ სასახლეში ატარებენ.

საერთოდ, ზაზას აკადემიას უპრეცედენტოდ ცუდი დღე ჰყონდა 2 ივნისს. თავისი მატჩები წააგეს “ზაზა 2”-მა და “ზაზა 3”-მაც. მეორე გუნდმა შეხვედრა “ორბთან” -62:83 დათმო. ორბელებს 24 ქულით და 7 მოხსნით გიორგი სიმონიშვილმა ულიდერა. ზაზას აკადემიის მესამე გუნდი “აკადემიასთან” დაძაბულ ბრძოლაში – 68:71 დამარცხდა. აკადემიელებს 28 ქულით ტერენს ქროულიმ ულიდერა, ხოლო “ზაზა 3”-ში 26 ქულით დაჩი სეფიაშვილი გამოირჩა. 

გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა მეოთხე მატჩში, რომელშიც “მართვემ” 111:83 დაამარცხა “სოხუმი”. მართველთაგან ზეშედეგიანობა გამოავლინა ლუკა ჭეიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონის რეკორდული 63 ქულა ჩააგდო. ჭეიშვილმა ბურთების უმეტესობა დავით სახოკიას პასებით ჩააგდო. ამ უკანასკნელს 23 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რაც ასევე მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.