შედეგები
გალერეა
დღეს დაიწყო საქართველოს 20-წლამდელთა
ჩემპიონატი, რომელშიც 7 გუნდი მონაწილეობს. გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: გუნდები
1 ჯგუფში არიან თავმოყრილნი და ერთმანეთში 4 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც საუკეთესო
4 გუნდი პლეი ოფში გავა.
ნახევარფინალში გუნდები სტანდარტული
სისტემით დაწყვილდებიან: I – IV და II – III. პლეი ოფში ფინალის ჩათვლით სერიები 2 მოგებამდეა, ხოლო
მესამე ადგილის მფლობელი 1 მატჩის შედეგით გამოვლინდება.
დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
2 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში იოლი გამარჯვება მიითვალა „ოლიმპმა“, რომელმაც
„მაკაბი“ 41 ქულის სხვაობით დაამარცხა – 100:59. „ოლიმპის“ შემადგენლობაში ერთბაშად
სამმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი მიითვალა- არჩილ პულუზაშვილმა 21 ქულა და 13 მოხსნა,
კახა ტომარაძემ 12 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო უჩა გამრეკლიძემ 11-11 ქულა-მოხსნა.
„მაკაბში“ ორმაგი დუბლი მიითვალა
დავით ქარციძემ – 12 ქულა, 11 მოხსნა. მაიზერ რევაზაშვილმა კი „მაკაბის“ ბომბარდირობა
შეითავსა 18 ქულით.
ოლიმპი – მაქაბი 100:59
ლევან ქარაბაქი (,,ოლიმპის’’
მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ
ყველა გუნდს სეზონის დაწყებას. ჩვენ უკვე 2 თვეა შევიკრიბეთ, ვვარჯიშობთ როგორც სუპერლიგის
გუნდთან, ასევე ცალკე 20-წლამდელების გუნდი და ვფიქრობ, სეზონს მეტნაკლებად მომზადებული
ვხვდებით. დღეს პირველი თამაში გვქონდა და ბიჭები თავიდან დაბნეულები იყვნენ, თუმცა
მოვახერხეთ თამაშის დალაგება, დაცვაში საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ და საბოლოო ჯამში
კმაყოფილი ვარ.
მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’
მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ სეზონი, საშინლად ვითამაშეთ.
ფაქტობრივად, იმის მეასედიც ვერ გავაკეთეთ, რისი მოლოდინიც გვქონდა. ჩვენმა ლიდერმა,
მაიზერ რევაზაშვილმა ითამაშა საშუალოზე დაბალ დონეზე და ამიტომ დაფიქსირდა ტაბლოზე
ასეთი ანგარიში. ხვალ კიდევ ერთი თამაში გვაქვს, ბრძოლისუნაირანი გუნდი ვართ და შევეცდებით,
წარმატებით ვიასპარეზოთ, თუმცა კალათბურთია და ყველაფერი ხდება.
მეორე მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.
პირველ ტაიმში თითქმის თანაბრად იზრდებოდა ანგარიში. პირველი პერიოდი 16:16 დასრულდა,
დიდ შესვენებაზე კი „სოხუმი“ ერთქულიანი ლიდერობით გავიდა – 35:34. მესამე ათწუთეულში
უფრო მობილიზებულად სოხუმელებმა იასპარეზეს. თემურ კანკიასა და დავით მუშკუდიანის გაწვრთნილმა
სოხუმელებმა აღნიშნული პერიოდი 22:15 მოიგეს და გადამწყვეტ მეოთხედს 8-ქულიანი ლიდერობით
შეხვდნენ – 57:49.
სოხუმელებმა მეოთხე ათწუთეულის პირველ
ნახევარში კიდევ უფრო სოლიდური გახადეს საკუთარი უპირატესობა. საფინალო სირენამდე ოთხწუთნახევრით
ადრე კანკიას გუნდმა 15-ქულიან ლიდერობას მიაღწია – 74:59. მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი
იყო, თუმცა აკადემიელები არ დანებდნენ და ბოლო წუთები აღმავლობით ჩაატარეს.
ლუკა გიორგაძის, გიორგი თევდორაშვილის
და თენგო ხუციშვილის შედეგიანობით აკადემიელებმა ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს, ბოლო წამებზე
კი 4 ქულითაც დაწინაურდნენ – 78:74. შესაბამისად, „აკადემიამ“ 4-წუთიანი მონაკვეთი
19:0 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია – 79:76.
„აკადემიაში“ 22 ქულით ბომბარდირი
გიორგი თევდორაშვილი გახდა. 18 ქულა მიითვალა ლუკა გიორგაძემ, ხოლო ბექა დარახველიძეს
14 ქულა დაუგროვდა. ხუციშვილს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა და11 მოხსნა და 9 ქულა
დააგროვა. „სოხუმში“ ვიტალი ცქიფურიშვილმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო დიმა ბობილევმა
(15 ქულა, 13 მოხსნა) და კოტე ბიწაძემ (12 ქულა, 13 მოხსნა) პირად ანგარიშზე ორმაგი
დუბლი ჩაიწერეს.
ჩემპიონატის მომდევნო 2 მატჩი საკალათბურთო
აკადემიაში ხვალ, 11 ნოემბერს გაიმართება.
სოხუმი – აკადემია 76:79
თემურ კანკია(,,სოხუმის’’
მთავარი მწვრთნელი): 1
თვეზე მეტია, რაც ვარჯიში დავიწყეთ და დღეს ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, მთელი თამაში
ყველა კომპონენტში ვჯობდით მეტოქეს, მაგრამ ბოლოს, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო,
წავაგეთ. სტარტისთვის ცუდი შეხვედრა არ იყო, თუმცა მოგება შეგვეძლო.
გელა წულაძე(,,აკადემიის’’
მთავარი მწვრთნელი): გუნდის ლიდერი, საბა ჯაყელი არ გვყავს ტრავმის გამო
და 1 თვე ვერ დაგვეხმარება. დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ბოლო 3 წუთში პრესინგის მეშვეობით
შევძელით მატჩის მოგება. მოთამაშეებით ძალიან უკმაყოფილო ვარ.