20-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

20-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა

დღეს  საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა – “ოლიმპი”
“აკადემიას” შეხვდა, ხოლო “შსს-აკადემია” “ქუთაისს”
დაუპირისპირდა.

ორივე მატჩი საინტერესო გამოდგა. “ოლიმპი”
– “აკადემიას” მატჩის პირველი ნახევარი აკადემიელებმა 33:29 მოიგეს. ნიკა
ამირხანაშვილი და ნიკა ღურწკაია იშვიათად აცილებდნენ, რაც დიდ შესვენებაზე შედეგზეც
აისახა.

მესამე მეოთხედიდან ვითარება შეიცვალა. “ოლიმპმა”
თამაში გამოაკეთა და აქცენტი ფარქვეშა თამაშზე იღო. ზაზა ცაგარეიშვილის გუნდის მეფარეები
დამაჯერებლად ირჯებოდნენ, რისი წყალობითაც “ოლიმპმა”მესამე ათწუთეული
14:8 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 43:41 დაწინაურდა.

გადამწყვეტ მეოთხედში “ოლიმპმა” მოახერხა
მატჩის სადავეების შენარჩუნება და თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესა. აკადემიელებმა ვერაფერი
დაუპირისპირეს გამართულად მოთამაშე მეტოქეს და საბოლოოდ 53:68 წააგეს.

“ოლიმპში” 2 მეფარე გამოირჩა – ბექა ნადირაძემ
20 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო თემურ ფხაკაძემ 19 ქულა დააგროვა. ნიკა ბაქრაძის
ანგარიშზე 8 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. აკადემიელთა შორის 18 ქულით საუკეთესო
ნიკა ამირხანაშვილი იყო.

მეორე მატჩში ჩემპიონატის 2 წამყვანი გუნდი შეხვდა.
“შსს-აკადემიასაც” და “ქუთაისსაც” მიმდინარე სეზონში თითო წაგება
ჰქონდათ და ერთმანეთსაც ღირსეული ბრძოლა გაუმართეს. მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული
ვერ გამოავლინა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და იქ მასპინძლებმა 90:85 იმარჯვეს.

ქუთაისელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ,
მაგრამ “შსს-აკადემია” არ ნებდებოდა. ქუთაისელთა შორის შესანიშნავად თამაშობდა
ლევან გრძელიძე, რომელმაც შეხვედრა 35 ქულით დაასრულა. აკადემიელებს კი ლევან ლოლიშვილმა
ულიდერა, რომელმაც საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო
და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით 5-წუთეულშიც იყოჩაღა ლოლიშვილმა, რომელმაც
შედეგიანი გარღვევებით აკადემიელებს სოლიდური უპირატესობა დაუბევა. გრძელიძის სამქულიანმა
ქუთაისელებს გამარჯვების იმედი ჩაუსახა, თუმცა დიმიტრი ბობილევმა ამ მატჩში მოპოვებული
2 ქულა საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე მიითვალა და “შსს-აკადემია” მიუწვდომელი
გახადა.

გამარჯვებულებს 22 ქულით ლოლიშვილმა ულიდერა, შოთა გელაზონიამ
20 ქულა და 21 ქულა დააგროვა, ორმაგი დუბლი – 10 ქულა, 11 მოხსნა დაუგროვდა ლერი კვანტალიანს.
ქუთაისელთა შორის 35 ქულა ჰქონდა ლევან გრძელიძეს, ხოლო გიორგი ცირეკიძემ ორმაგი დუბლი
– 20 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

მატჩისშემდგომი კომენტარები
ოლიმპი – აკადემია  68:53
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის” მთავარი
მწვრთნელი): ახალი წრის დაწყებას, სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმებით
შევხვდით. სეზონის დასაწყისში თემურ პეტრიაშვილი გამოგვაკლდა, ახლა ნოდარ გოგოძემ მოიტეხა
მხარი და, ალბათ, უახლოესი ერთი თვე ვერ დაგვეხმარება, მიქელაძეც ავად არის. თუმცა,
მიუხედავად ამ პრობლემებისა, ბიჭები საკმაოდ მონდომებულები არიან და გუნდში კარგი განწყობაა.
გელა წულაძე(,,აკადემიის” მთავარი
მწვრთნელი): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და კარგ თამაშს. რაც
შეეხება ჩვენს გუნდს, ლიდერებმა ბოლოს ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამის გამო დავმარცხდით.

 შსს აკადემია – ქუთაისი  90:85
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის”
მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ქუთაისს ასეთ კარგ თამაშს.
პირველად მომიწია მათ წინააღმდეგ თამაში და ნამდვილად სერიოზული გუნდია. რაც შეგვეხება
ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საშინლად დავიწყეთ და დიდი ჩამორჩენა გვქონდა,
ბიჭებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მოგება შეეძლოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველ რიგში, დაცვაში
გამოსწორებული თამაშის ხარჯზე, მივაღწიეთ სასურველ მიზანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი
იყო როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით.