გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატში დღეს გამართული 3 მატჩიდან 2 დაძაბული გამოდგა. “ოლიმპმა” ლიდერ
“შსს აკადემას” სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, “სოხუმი” კი სეზონის
პირველ გამარჯვებასთან იყო ახლოს. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა
– ლიდერა “შსს აკადემიამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა, აუტსაიდერი “სოხუმი”
კი კვლავ მოუგებელი დარჩა.
“ოლიმპმა”,
რომელიც წამყვანი უკანახაზელების გარეშე ეთამაშებოდა “შსს-აკადემიას”, დიდი
ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. შეხვედრა
დაცვითი ხასიათის იყო, გუნდები შეტევაში მოიკოჭლებდნენ და ეს შედეგზეც აისახა. პირველი
ტაიმის შემდეგ ანგარიში მხოლოდ 20:16 იყო (ოლიმპის სასარგებლოდ), ხოლო გადამწყვეტი
პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო გახლდათ – 32:32.
შეხვედრა ტანმაღალი
მოთამაშეების ბრძოლაში წარიმართა იყო – ორივე გუნდს ფარქვეშ აქტიურობდა და ამ კომპონენტში
საბოლოოდ აკადემიელებმა იმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შსს-ს ცენტრი შოთა გელაზონია
გახდა, რომელმაც შეხვედრა 18 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. ბოლო პერიოდში შსს-ელებმა
გატეხეს “ოლიმპის” მედგარი დაცვა და გამარჯვებამდე მივიდნენ – 52:44.
გელაზონიას შემდეგ
აკადემიელებში 9 ქულა-6 მოხსნით ლერი კვანტალიანი გამოირჩა, 7-7 ქულა დააგროვეს თორნიკე
ქიტოშვილმა და გიორგი გუგეშაშვილმა. დამარცხებულებში 13 ქულით ბომბარდირი თემო ფხაკაძე
გახდა, ხოლო ბექა ნადირაძემ შეხვედრა ორმაგი დუბლით, 11-11 ქულა-მოხსნით დაასრულა.
“სოხუმი”
მთავარი მწვრთნელის გარეშე ეთამაშა “რუსთავს”, რომლის დამარცხებაც რეალური
იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე ქვემოქართლელებმა გამარჯვება კბილებით მოიპოვეს. სოხუმელებს
მწვრთნელად სუპერლიგის გუნდის მოთამაშე ვახტანგ ქადარია მოევლინათ, რომელიც გუნდს აქტიურად
გაუძღვა და გამარჯვებასთან ახლოს იყო.
პირველ მეოთხედში
სოხუმმა ლიდერობის მოპოვება მოახერხა, თუმცა რუსთაველებმა მალევე გამოასწორეს და ამის
შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა,
ხან მეორე. ყველაფერი ბოლო წუთებმა გადაწყვიტა. მნიშვნელოვანი გამოდგა გიგი გოგობერიშვილის
ბოლოსწინა წუთზე ჩაგდებული 3-ქულიანი, რის შემდეგაც რუსთაველები 4 ქულით დაწინაურდნენ
და დარჩენილ დროში ლიდერობა შეინარჩუნეს.
გოგობერიშვილმა
შეხვედრა 26 ქულით დაასრულა, 10 ქულა ჰქონდა თორნიკე ხატიაშვილს, ლევან ურიდიამ და
გიორგი ტურძელაძემ კი ფარზე იმუშავეს – პირველმა 14 მოხსნა მიითვალა, მეორემ – 10.
სოხუმელებს 2 გამორჩეული მოთამაშე ჰყავდათ – გურამ კენჭიაშვილი (27 ქულა) და შოთა გოლეთიანი,
რომელმაც 26 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
დღის მესამე შეხვედრაში
ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა, სანამ აკადემიელები “ჰიუნდაის” უძალიანდებოდნენ.
დიდი შესვენებისთვის სხვაობა 3 ქულა იყო, თუმცა მესამე მეოთხედიდან ნიკო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა თამაში დაალაგეს და დარჩენილ დროში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
მეორე ტაიმი “ჰიუნდაიმ” 20 ქულით მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც გაიმარჯვა.
“ჰიუნდაის”
კახა ტომარაძემ 26 ქულით ულიდერა, სანდრო ბოლქვაძემ 19 მიითვალა, ხოლო ბექა ქარცივაძემ
შეხვედრა ორმაგი დუბლით – 13 ქულითა და 12
მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ოლიმპი – შსს აკადემია 44:52
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): კარგი
თამაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები ისევ გვაწუხებს და 10 კაცით ვთამაშობთ, ბიჭები მონდომებულები არიან და ბოლომდე იბრძვიან.
რაც მთავარია, პროგრესი აშკარად გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი პლეი ოფში
გასვლაა, პლეი ოფებისთვის კი სხვანაირად მოვემზადებით.
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,ოლიმპს” ასეთ კარგ თამაშს, ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა
გაგვიწიეს და ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ერთადერთი დაცვით
ვარ კმაყოფილი, იქაც გვქონდა ხარვეზები, თუმცა, ანგარიშიდან გამომდინარე, მაინც კარგი
დაცვა ვითამაშეთ. თავდასხმაში კი საშინლად
ვიასპარეზეთ, თუმცა ბიჭებისთვისაც ძნელია წინა დღის თამაშის შემდეგ ძალების აღდგენა
და დილით სიცივეში
თამაში.
აკადემია – ჰიუნდაი 53:76
ვასილ სომხიშვილი(,,აკადემიის” მწვრთნელი):
გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთ ვიასპარეზეთ,
თუმცა მოთამაშეები გვაკლია და ძალები ბოლომდე აღარ გვყოფნის. ბიჭებმა რაც შეეძლოთ,
ყველაფერი გააკეთეს. თამაშები ჯერ კიდევ არის დარჩენილი და თუ სრული შემადგენლობა აღდგება,
პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლა შეიძლება, ძალიან თუ მოვინდომებთ, შანსები არის.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი):
დღეს ჩვენზე სუსტ მეტოქეს ვეთამაშეთ, გუნდს სიმაღლე აკლია, არ არის კარგად დაკომპლექტებული და ამიტომ, უფრო იოლად გავიმარჯვეთ. თუმცა, კიდევ
ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი ოთხეულში გადაწყდება და ეს მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს.
სოხუმი – რუსთავი 71:76
ვახტანგ ქადარია(,,სოხუმის” მწვრთნელი): კარგად დავიწყეთ თამაში, 12-ქულიანი ლიდერობაც მოვიპოვეთ,
თუმცა შემდეგ მოკლე სკამის გამო გუნდს დაღლილობა დაეტყო, ჩავარდნები გვქონდა, რუსთავმა
კი პირიქით, გამოასწორა თამაში და შორი სროლებიც წაუვიდათ. მეოთხე პერიოდში ისევ მოვახერხეთ
წინ გასვლა, თუმცა სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა, დაღლილობამ და გამოუცდელობამაც იქონია
გავლენა და დავმარცხდით.
ირაკლი ჯაფარიძე(,,რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):
მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ.
ცუდად დავიწყეთ და შეცდომები გვქონდა, თუმცა ბიჭებმა მოინდომეს და თამაშის მოგება მოახერხეს.
ამისთვის მადლობას ვეტყვი მათ.