20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი დღე (მატჩისშემდგომი კომენტარები)
გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატი გრძელდება. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს 3 შეხვედრა გაიმართა.
დღის პირველ მატჩში
,,აკადემიამ’’ ,,რუსთავი’’ 92:75 დაამარცხა და ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
,,რუსთავისთვის’’ კი ამ თამაშით წარუმატებელი სერია გრძელდება – მათ 4-ვე ჩატარებულ
თამაშში მარცხი განიცადეს.
პირველი პერიოდი
თანაბარი გამოდგა – 19:19. მეორე პერიოდში კი დარახველიძის, ღურწკაიას და გიორგაძის
შედეგიანი თამაშის წყალობით აკადემიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე
19-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 50:31.
მესამე ათწუთეულში
უკვე სტუმრები გააქტიურდნენ, დვალის და ქიტოშვილის ზუსტ თამაშს აკადემიელთა შეცდომები
დაემატა და მასპინძელთა ლიდერობა 6 ქულამდე შემცირდა – 65:59. თუმცა, რუსთაველთა აქტიურობა
დიდხანს არ გაგრძელდა, აკადემიელებმა მალევე დაიბრუნეს უპირატესობა და თამაში ისე ჩამთავრდა,
ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს
24 ქულით და 8 მოხსნით ბექა დარახველიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი გაიფორმა ნიკა ღურწკაიამ
– 19ქულა, 10მოხსნა; ლუკა გიორგაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7მოხსნა დაგროვდა.
რუსთაველთა რიგებში
24 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი იყო, 11 ქულასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა
თორნიკე ქიტოშვილმა, ერეკლე ლორთქიფანიძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
აკადემია – რუსთავი 92:75
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მთლიანობაში კარგი თამაში იყო, თუმცა მესამე პერიოდში ვითამაშეთ ძალიან ცუდად, ბევრი
შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მოვახერხეთ
და უკმაყოფილო არ ვარ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო ხარვეზების გამოსწორებაზე ვიმუშაოთ, ამ
ეტაპზე კი მოგებები ძალიან მნიშვნელოვანია.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან სუსტი გუნდი ვართ, ასეთი სუსტი გუნდი 20-წლამდელებში, ფაქტობრივად, არასდროს
გვყოლია. ძირითადად, სიმაღლის პრობლემა გვაქვს და ამ კომპონენტში ძალიან გვიჭირს. რეხვიაშვილმა
წელის ტრავმა მიიღო, ურიდია ჯარიმების გამო გავარდა. იძულებულები ვართ გარედან ვითამაშოთ,
თუმცა სროლები ყოველთვის არ მიგვდის და თანაც, მოთამაშეები ხშირად ბევრს იღებენ თავის
თავზე. გუნდში ბევრი პრობლემა გვაქვს, ჯერჯერობით ვერ დავლაგდით, ასე რომ, ,,აკადემიამ’’
დამსახურებულად გაიმარჯვა და მივულოცავ მათ მოგებას.
დღის მეორე შეხვედრაშიც
ერთმანეთს თბილისის და რეგიონის გუნდი დაუპირისპირდნენ. ,,მაქაბმა’’ 91:74 დაამარცხა
სტუმრად ჩამოსული ,,ქუთაისი’’.
შეხვედრის პირველი
ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ პერიოდში ,,მაქაბი’’ დაწინაურდა
– 21-17, მეორე პერიოდში კი ქუთაისლები უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და დიდი შესვენებისთვის
4-ქულიანი ლიდერობაც მოიპოვეს – 46:42. სტუმრებმა
ტემპი მესამე პერიოდშიც შეინარჩუნეს და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს.
მეოთხე პერიოდში
კი მაყურებელმა დიდი გარდატეხა იხილა. ქუთაისლები 72:68 ლიდერობდნენ, როცა ,,მაქაბმა’’
რევაზაშვილის, მეტრეველის და სხვათა ზუსტი თამაშის წყალობით 19:0 გაქცევა მოაწყო და
87:72 გალიდერდა. დარჩენილ 1,22 წუთში ქუთაისლებმა
თამაშის შემობრუნება ვერ შეძლეს. მათ მეოთხე პერიოდში მხოლოდ 6(!) ქულა მიითვალეს და
ბოლო ათწუთეულში დაშვებული შეცდომების გამო თამაში უშანსოდ დათმეს.
,,მაქაბის’’
5-მა კალათბურთელმა 10-ქულიანი ზღვარი დაძლია. საუკეთესო, ტრადიციულად, მაიზერ რევაზაშვილი
იყო 24ქულით და 11 მოხსნით, 19 ქულა ჰქონდა დიმიტრი მეტრეველს, 16 ქულა-12მოხსნით ორმაგი
დუბლი გაიფორმა დავით ქარციძემ, 14ქულა და 7 მოხსნა მიითვალა თორნიკე გოგელაშვილმა,
რევაზ მაღლაფერიძემ კი 12 ქულასთან ერთად თავი 8 მოხსნას და 6 ჩაჭრას მოუყარა.
ქუთაისლებს
17 ქულა-13 მოხსნით ლადო ფურცხვანიძემ ულიდერა, რატი ნუცუბიძემ 16 ქულა და 8 მოხსნა
დააგროვა, 12 ქულა ჰქონდა ირაკლი მაცაბერიძეს, გუჯა ბირკაიამ კი შეხვედრა ორმაგი დუბლით
– 10 ქულა-15 მოხნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მაქაბი – ქუთაისი 91:74
მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი):
გავიმარჯვეთ და კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა ძალიან კარგად და გუნდურად ითამაშეს და ეს შედეგზეც
აისახა. იღბალიც ჩვენს მხარეს იყო და ეს დღეს ძალიან დაგვეხმარა.
მედეა მხეძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
ბოლო პერიოდი საშინლად ჩავატარეთ. როცა მოთამაშეები ინიციატივას მხოლოდ საკუთარ თავზე
იღებენ და მწვრთნელის მითითებებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, ეს მწვრთნელის ბრალია,
ამიტომ, პირველ რიგში, ჩემს თავს ვსაყვედურობ, ამის უფლება არ უნდა მისცე, დისციპლინა
სათანადო დონეზე არ გვაქვს და ეს უნდა გამოვასწოროთ. როცა ერთ პერიოდში 31 ქულას მიიღებ,
ფაქტობრივად, ცალ ფარში მიდის თამაში. დღეს მეტოქე ყველა კომპონენტში ერთი თავით მაღლა
იდგა ჩვენზე,ძალიან კარგი თამაში ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, მივულოცავ
მათ ამ შედეგს.
საკალათბურთო
აკადემიაში 20-წლამდელთა მორიგი დღე ,,მგზავრები-არმიასა’’ და ,,ოლიმპს’’ შორის დაპირისპირებით
დასრულდა. დღის ბოლო შეხვედრა საინტერესო გამოდგა და გამარჯვება ,,მგზავრებს’’ დარჩათ
– 82:73.
,,მგზავრები-არმიამ’’
საკმაოდ კარგად დაიწყო თამაში და პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა,
მეორე მეოთხედში უფრო თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა არმიელებმა ლიდერობის შენარჩუნება
მოახერხეს და მეორე ნახევარს 9-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 42:33.
,,ოლიმპმა’’ თამაშში
გარდატეხის შეტანა მესამე პერიოდში მოახერხა. არჩილ პულუზაშვილის და კახა ტომარაძის
გამორჩეულად კარგი თამაშის წყალობით ოლიმპელემბმა ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ათწუთეულის
ბოლოს კი უკვე ლიდერობდნენ – 55:53.
მაყურებელი საინტერესო
ბოლო პერიოდის მოლოდინში იყო, რაც ნაწილობრივ გამართლდა. ,,მგზავრებმა’’ დაიბრუნეს
ლიდერობა, თუმცა უმნიშვნელო და ,,ოლიმპი’’ თამაშის გადარჩენის შანსს ბოლო წუთებამდე
ინარჩუნებდა. განსაკუთრებით დაიძაბა შეხვედრა, როცა თამაშის დასრულებამდე 1,30 წთ-ით
ადრე სხვაობა 4-ქულამდე დავიდა – 74:70. თუმცა
დარჩენილ დროში ,,მგზავრებმა’’ ზუსტად შეასრულეს 6-ვე საჯარიმო და ,,ოლიმპს’’ მოგების
ყველა შანსი წაართვა.
გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო სანდრო სანაძე იყო 22 ქულით, 12ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მამუკა ბაზუაშვილს,
7 მოხსნა, 5 პასი და 12 ქულა დაგროვდა ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე, ამდენივე ქულას მოუყარა
თავი სანდრო ბოლქვაძემ, დავით ლომიძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
,,ოლიმპს’’ არჩილ
პულუზაშვილმა ულიდერა, რომელმაც 18 მოხსნასთან ერთად 24ქულა მიითვალა და მატჩის ბომბარდირი
გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა უჩა გამრეკლიძემაც – 10ქულა, 13მოხსნა, 11 ქულა ჰქონდა
კახა ტომარაძეს, სოსო გოგნაძეს კი – 10.
20-წლამდელთა
ჩემპიონატის ერთი შეხვედრა ხვალ, ისევ აკადემიის დარბაზში გაიმართება. 11:30 წთ-ზე
ერთმანეთს ,,სოხუმი’’ და ,,მგზავრები-არმია’’ დაუპირისპირდებიან.
მგზავრები არმია – ოლიმპი 82:73
დიმიტრი ჟაკობოვი:
კარგი მატჩი იყო. ჩვენი მოწინააღმდეგე ჩემპიონატის
ერთ-ერთი ფავორიტია და მადლობა მას ასეთი კარგი თამაშისთვის. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს
და ყველაფერი გააკეთეს დღევანდელი გამარჯვების მოსაპოვებლად. მადლობა მათ შრომისთვის,
თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. ჩვენმა ხუთეულმა
თავიდან აგრესიულად და აქტიურად დაიწყო თამაში, რაც სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებმა
წარმატებით გააგრძელეს და მეტოქე გავტეხეთ. თამაშის დიდი ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით,
რაც საბოლოოდ ჩვენი წარმატებით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედშიც არ
მოვდუნებულვართ. ბიჭებმა შეინარჩუნეს ის შემართება
და მოტივაცია, რაც დასაწყისში ჰქონდათ. დღევანდელი მატჩი უკვე ისტორიაა და ვემზადებით
მომდევნო შეხვედრისთვის, სადაც არანაკლებ ძლიერი მოწინააღმდეგე, აკადემია გვეყოლება.
ლევან ქარაბაქი
(ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „მგზავრებს“ გამარჯვებას,
დამსახურებულად მოგვიგეს. როგორც ჩანს მეტოქე დღეს ჩვენზე მოტივირებული და მონდომებული
აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. გასაანალიზებლად საკმარისი დრო გვაქვს და და იმედია სამომავლოდ გამოვასწორებთ ხარვეზებს.