20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში დინამო და თსსუ გავიდნენ

20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში დინამო და თსსუ გავიდნენ

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. დინამომ და თსსუ-მ (სამედიცინო უნივერსიტეტი) მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩებიც მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკის ჩემპიონატში პლეი ოფი მიმდინარეობს და პირველ, მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი იყო დაწყვილებული. სერია 2 მოგებამდეა და სწორედ მეორე მატჩის მოგებით გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური დინამომ და თსსუ-მ.

დინამოელებს საქმე იოლად ჰქონდათ, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი ვერ გამოდგა სათანადო წინააღმდეგობის გამწევი. პირველი მატჩი თორნიკე გელოვანის გაწვრთნილმა დინამოელებმა 78 ქულით მოუგეს გთუნის, მეორე შეხვედრაში კი 55-ქულიანი  გამარჯვება იკმარეს – 115:60 (სტატისტიკა) და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

იოლი გამარჯვება მოიპოვა თსსუ-მაც. სამედიცინო უნივერსიტეტის მეტოქე სოხუმის “კოლხა მარგვეთი” გახლდათ, რომელმაც სერიის პირველი შეხვედრა 19 ქულით დათმო. მეორე მატჩში 16-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მედიკოსებმა 91:75 (სტატისტიკა) სძლიეს სოხუმელებს და ნახევარფინალში მეტოქეს ელოდებიან, რომელიც თსუ-სა და ოვერტაიმის დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

თსუ-მ დღეს სერია გაუთანაბრა ოვერტაიმს. პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში ოვერტაიმელებს ჰქონდათ მოგებული (89:84), დღეს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა – 94:75 (სტატისტიკა) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ გუნების მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 16 მარტს, 15:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

16 მარტს, ოღონდ რუსთავშია დანიშნული კიდევ ერთი მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი. რუსთავმა სერიის პირველი, საშინაო მატჩი სოხუმი 2020-თან წააგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, თბილისში 90:82 (სტატისტიკა) მოიგო და სერიაში ყველაფერს ერთი მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 16 მარტს, 17:00 საათზე, რუსთავში ჩატარდება.