20-წლამდელთა მორიგი ,,ოვერტაიმი”

20-წლამდელთა მორიგი ,,ოვერტაიმი”

 20-წლამდელთა ჩემპიონატის ,,დამატებითი დრო” ამჯერად ,,სოხუმის”  კალათბურთელებს, ოთარ ბულიავასა და სანდრო მეგენეიშვილს გაგაცნობთ, რომლებიც სუპერლიგაშიც ასპარეზობენ. 

 ,,ოვერტაიმში” ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მოთამაშეებმა თავიანთ არასპორტულ ცხოვრებაზეც ისაუბრეს. 

     რას გვეტყით ,,სოხუმის” კლუბის შესახებ? სეზონი დასასრულს უახლოვდება. როგორი განწყობაა
გუნდში?

ოთო: პლეი ოფისთვის უკვე კარგად ავეწყვეთ და შევთამაშდით,
მაქსიმალურად ვციდლობთ, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ

სანდრო: ერთიანი მონდომებული გუნდი ვართ და ერთი მიზანი გვაქვს
– მოგება. იმედი გვაქვს, პლეი ოფს წარმატებით გავივლით და  ფინალს ვითამაშებთ.

 

–        როგორ შეაფასებდით 20-წლამდელთა
2012-2013 წლების ჩემპიონატს?

ოთო:  საინტერესო და
დაძაბული სეზონი გამოვიდა. ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ მხოლოდ 6 გუნდი მონაწილეობდა,
თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე  – ყველა თანაბრად კარგი და ძლიერია. პლეი ოფში გასულ
ოთხივე გუნდს აქვს ჩემპიონობის შანსი.

სანდრო:
 ასეთ ასაკობრივ
ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდი უნდა იღებდეს მონაწილეობას და შესაბამისად, მეტი თამაში
ტარდებოდეს. ამის მიუხედავად კარგი და ძლიერი ჩემპიონატი შედგა, რაც გუნდების ძლიერი
შემადგენლობის დამსახურებაა. 
 

–        
რას იტყვით მეტოქე გუნდების შესახებ?

ოთო:
გამოვარჩევდი ,,ოლიმპის” გუნდს, რომელსაც ძალიან ძლიერი მწვრთნელი  დიმიტრი ჟაკობოვი უძღვება. კარგად ვარჯიშობენ, ყველაფერს
აკეთებენ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ და ვფიქობ, ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია.

სანდრო:
,,ოლიმპს” მეც გამოვარჩევ, შეკრული, ერთიანი გუნდია და კარგ დაცვას თამაშობს.  ჩვენც გვაქვს იგივე პლიუსები, კარგად ვართ შეთამაშებულები
და ერთმანეთს ვენდობით. იმედი მაქვს, პლეი-ოფის სერიას მოვიგებთ და ყველაფერი ფინალში
გადაწყდება.

 

–        
რას იტყვით ნახევარფინალის 2 თამაშის
შესახებ?

ოთო:
 პირველი თამაში
მოვიგეთ, უფრო მომზადებულები და მონდომებულები ვიყავით და უპირატესობა მოვიპოვეთ. თუმცა
აკადემიამ მეორე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. როცა ჩვენმა ლიდერობამ
10 ქულას მიაღწია, მოვდუნდით და კონცენტრაცია დავკარგეთ, ამით კარგად ისარგებლა მოწინააღმდეგემ
და დაგვამარცხა. მესამე თამაშში სერიოზული ბრძოლა გველის, იქ უკვე ღირსეული გაიმარჯვებს. 

სანდრო:
შსს საკმაოდ სერიოზული მეტოქეა, ძლიერი მოთამაშეები ჰყავს,მათ შორის როგავა და კვანტალიანი.
პირველ თამაშში უკეთ ვიასპარეზეთ, მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ, სერიის
2:0 მოგება ვერ მოვახერხეთ, მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და სასურველ მიზანს მიაღწია. გადამწყვეტ
თამაშს მობილიზებულები და მომზადებულები  შევხვდებით,
თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.

–        
როდის დაიწყეთ კალათბურთის თამაში?
ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?

ოთო:
ამასთან დაკავშირებით უცნაური ისტორია მაქვს. ახალი
წლის მეორე დღეს ვახო ქადარია ვნახე, რომელიც ახლა სუპერლიგაში ,,სოხუმის” გუნდში
თამაშობს. სურათი გადამიღო და ვაჟა კვარაცხელიას აჩვენა. ზუსტად იმ დღის შემდეგ ჩამოვედი
თბილისში და უკვე მე-4 წელია კალათბურთს ვთამაშობ.

სანდრო:
კალათბურთს 12 წლიდან ვთამაშობ. ვარჯიში ლიკა ქაჯაიასთან დავიწყე და მას შემდეგ მოვყვები
,,სოხუმს”, ლიკა ქაჯაიას და ვაჟა კვარაცხელიას.

რომელი იყო თქვენთვის ყველაზე გამორჩეული
და ემოციური გამარჯვება?

ოთო:  რა თქმა უნდა,
ფინალები, როცა 2 წლის 18-წლამდელების და გასულ სეზონში  20-წლამდელების ჩემპიონები გავხდით.  წინა წელს ფინალში ,,დინამოს” დამარცხება ყველაზე
დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

სანდრო:  მეც 18-წლამდელთა ფინალს გამოვარჩევდი – პირველი
ჩემპიონობა ყველაზე სასიხარულო იყო. მართალია, ტრავმის გამო ვერ ვითამაშე, თუმცა მთელი
გულით მოედანზე ვიყავი.  

 

–        
ვინ არის თქვენი საყვარელი კალათბურთელი
და რომელია თქვენი საოცნებო კლუბი?

ოთო:  ვფიქობ, 
დღეს საუკეთესო კობი ბრაიანტია, თუმცა ჯორდანი ყველა დროის ყველაზე ძლიერი კალათბურთელია
და ამაში ალბათ არავინ შემედავება.  ,,ჩიკაგო
ბულსში” თამაში კი ჩემი ოცნებაა.

სანდრო:  ჯორდანი, ბრაიანტი და ჯეიმსი რომ ყველაზე ძლიერები
არიან,  ეს ყველამ იცის. თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის
 2 მოთამაშეა საუკეთესო –  კრის პოლი და კაირი ირვინგი. ყველაზე დიდი სიამოვნებით
,,ბარსელონაში” ვითამაშებდი.

–          როგორია  თქვენი  სამომავლო  გეგმები?
სად  აპირებთ  თამაშის  გაგრძელებას?

 ოთო:  ძალიან  მინდა
მომავალ  წელს  ამერიკაში  წავიდე და  კარიერა იქ  გავაგრძელო.

 სანდრო:   მომავალ წელს  აქ დარჩენას  ვაპირებ და  სეზონსაც  სავარაუდოდ  ,,სოხუმში”  გავატარებ.

 

–        
სანდრო, რამდენიმე წლის წინ ამერიკაში
იყავი. მოგვიყევი, რა გამოცდილება მიიღე იქ და რატომ გადაწყვიტე საქართველოში დაბრუნება?

სანდო:
 ამერიკაში
16-წლის ასაკში წავედი, ,,ჰაი-სქულში” ვიყავი და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი.
იქ გატარებული დროით სპორტულთან ერთად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც შევიძინე.  ძალიან კარგ პირობებში ვიყავი, თუმცა აქ მეტი სათამაშო
დრო მაქვს და ამიტომ დაბრუნება გადავწყვიტე.
 

–        
სპორტის
სხვა სახეობების გულშემატკივრები თუ ხართ?

ოთო:  აქტიურად ვუყურებ
ფეხბურთს, ჩოგბურთს, ძალიან მომწონს ბეისბოლი და ამერიკული ფეხბურთი.

სანდრო:
მე მხოლოდ კალათბურთის გულშემატკივარი ვარ.

 

–        
კალათბურთის გარდა, რას უთმობთ თქვენს
დროს?

ოთო:
თავისუფალ დროს, როგორც წესი, მეგობრებთან ერთად ვატარებ.

სანდრო:  მეგობრებთან ერთად გართობა ძალიან მიყვარს, დროს
კითხვასაც ვუთმობ.

 

–        
გეგმავთ თუ არა სწავლის გაგრძელებას?

ოთო:
აქ ვერ ვახერხებს სერიოზულად მოვეკიდო სწავლას, ამერიკაში
წასვლა ამიტომაც მინდა – თან ვითამაშებ და თან ვისწავლი.

სანდრო:
ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სკოლაში სიტუაცია ამერია,
ერთი წელი გამიცდა და ახლა ვაპირებ დაგვიანებით ჩაბარებას. იმედი მაქვს, ყველაფერი
გამომივა.
 

–        
თქვენ, როგორც ახალგაზრდა კალათბურთელები,
რას ისურვებდით ჩემპიონატში? როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს კალათბურთს ყველაზე მეტად?

ოთო:
სასურველია, 20-წლამდელებშიც ტარდებოდეს ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი”, ჩატენვების და
სამქულიანების კონკურსი. ეს მოთამაშეებისთვისაც დამატებითი სტიმული იქნება და ჩემპიონატსაც
მეტ ხიბლს შესძენს. კარგი იქნებოდა, თუ ფინალი 3 მოგებამდე გაგრძელდებოდა. რაც შეეხება
ზოგადად ქართულ კალათბურთს, მას ბევრი გამოცდილი და ძლიერი მწვრთნელები  სჭირდება, რომლებიც ახალგაზრდა, გამოუცდელ სპორტსმენებს
სწორად გაზრდიან და პროფესიონალებად აქცევენ. 

სანდრო:
ვფიქრობ, რომ ქართველი კალათბურთელები უკეთ უნდა იყვნენ ფიზიკურად მომზადებულები, მეტს
ვარჯიშობდნენ. ასეთ შემთხვევაში, უფრო წინ წავა არა მარტო კალათბურთის, არამედ ზოგადად
ქართული სპორტის საქმე.

 

–        
საქართველოს ეროვნული ნაკრები
2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. რას იტყვით ჩვენი გუნდის შანსების შესახებ?

ოთო:
საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თანაც, ზაზა ფაჩულია
არ გვეყოლება. ასეთი კაპიტნისა და ლიდერის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება და ეს ჩვენს
შანსებზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბიჭები მაინც აჩვენებენ კარგ
შედეგს.

სანდრო:
ზაზას არყოფნა ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა იმედია ჯგუფურ ეტაპს  გადავლახავთ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!