20-წლამდელთა მორიგი შეხვედრები

20-წლამდელთა მორიგი შეხვედრები

20-წლამდელთა
თამაშებმა ტრადიციულად საინტერესოდ ჩაიარა. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბოლო
ადგილზე მყოფი ,,ჰიუნდაი’’ და პირველადგილოსანი ,,ოლიმპი’’ დაუპირსპირდნენ.

ოლიმპმა
პირველი ტაიმი 4ქულის სხვაობით მოიგო (44:40), მეორე ნახევარში ლიდერობა უფრო გაიმყარა
და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 72:85.

საუკეთესო იყო
,,ოლიმპის’’ გამთამაშებელი ირაკლი მიქელაძე, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 20ქულა,10პასი.
19ქულა ჰქონდა საბა ლობჟნიძეს, ხოლო გიორგი ცირეკიძის ანგარიშზე 12ქულაა.  ,,ჰიუნდაის’’ რიგებში 16ქულით გუგა ძიძიგური გამოირჩა,
რომელმაც 7პასიც მიითვალა, 15ქულა მოაგროვა ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ოთარ ბუთხუზს 11ქულა
ჰქონდა.
ჰიუნდაი – ოლიმპი 72:85

2 ტურის წინ ბოლო
ადგილზე მყოფმა „რუსთავმა“ გასულ პარასკევს ლიდერი „ოლიმპის“ დამარცხების შემდეგ დღეს
კიდევ ერთი ფავორიტი „სოხუმი“ დაამარცხა. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა და
გამარჯებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა.

პირველ მეოთხედში,
რომელიც სტუმრებმა 31:25 მოიგეს, რუსთაველებმა შესაშური შედეგიანობა გამოავლინეს. რამაზ
გოგობერიშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა სროლების 70 პროცენტი გამოიყენეს. მეორე
პერიოდში სტუმრებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაც გუნდური თამაშის დამსახურება
იყო. შესანიშნავად თამაშობდნენ რუსთაველთა უკანახაზელები – თორნიკე ქიტოშვილი, გიორგი
დვალი და ერეკლე ლორთქიფანიძე, რომლებიც ქულებსაც აგროვებდნენ და მეფარეებსაც ამარაგებდნენ.

სოხუმელებმა მეორე
პერიოდის ბოლოს თამაში დაალაგეს და ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრის ბოლო წუთებამდე
თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა. სოხუმელებს გამარჯვების
კარგი შანსი ჰქონდათ – შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი
იყო, რუსთაველებმა არასპორტული ჯარიმა მიიღეს. კახა ჯინჭარაძემ ვერც ერთი საჯარიმო
ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც სოხუმელებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს.

ერეკლე ლორთქიფანიძემ
შეხვედრის დასრულებამდე 24 წამით ადრე რუსთაველები დააწინაურა – 82:80. რამდენიმე წამში
რუსთაველებმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრეს, რის შემდეგაც გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვიეს.
რუსთაველებმა მხოლოდ 6 კალათბურთელით ითამაშეს, რომელთაგან 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ
შოთა ნარჩომაშვილმა (8 ქულა) ვერ დაძლია. 22 ქულით და 11პასით საუკეთესო იყო თორნიკე
ქიტოშვილი, 15 ქულა ჰქონდა ერეკლე ლორთქიფანიძეს, გიორგი ოქროჭელიძემ 14ქულითა და
14მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ორმაგი დუბლი შეასრულა ასევე ლევან ურიდიამ(12ქულა,10მოხსნა),
ხოლო გიორგი დვალმა 14 ქულა მიითვალა.

სოხუმელებს
27ქულით ოთო ბულიავამ ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1მოხსნა დააკლდა, 17ქულით გამოირჩა
კახა ჯინჭარაძე, ხოლო სანდრო მეგენეიშვილმა 11ქულა მოაგროვა.
სოხუმი – რუსთავი 80:82 

საინტერესოდ წარიმართა
დღის უკანასკნელი შეხვედრა ,,დინამოსა’’ და ,,შსს აკადემიას’’ შორის.  ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ  შსს-მ გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. თამაშის
დასრულებამდე 03:22 წუთით ადრე დინამო 5ქულას იგებდა, თუმცა შსს აკადემიამ 10ქულიანი
გაქცევა მოაწყო, 53:48 დაწინაურდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

პირველი მეოთხედი
თანაბარი ბრძოლით წარიმართა და 13:13 დასრულდა. მეორე პერიოდშიც თამაში ქულა-ქულაში
მიდიოდა და დიდი შესვენებისთვის დინამო მხოლოდ 2ქულით დაწინაურდა. შეხვედრის ბოლომდე
თამაში დაძაბულად გაგრძელდა. ბოლო წუთებზე თავი ძმებმა როგავებმა გამოიჩინეს, მატჩის
დასრულებამდე 02:40წუთით ადრე დათო როგავამ ანგარიში გაათანაბრა, რეზო როგავას ზუსტმა
2-ქულიანმა კი შსს  დააწინაურა.  დინამომ შეტევა ისევ ვერ გამოიყენა და ძირითადი
დროის ამოწურვამდე 37წამით ადრე დათო როგავას შორეულმა სროლამ დინამო უშანსოდ დატოვა.
საბოლოოდ შსს აკადემიამ 56:51 იმარჯვა.

გამარჯვებულებს
19ქულით რეზო როგავამ ულიდერა, ლევან ლოლიშვილმა კი გუნდს 12ქულა შესძინა. დამარცხებულებს
შორის საუკეთესო 19ქულით ზეზვა ლილუაშვილი იყო, ბექა ღუდუშაურის ანგარიშზე 12ქულაა,
ხოლო შოთა გელაზონიას ორმაგ დუბლამდე 2ქულა დააკლდა (12მოხსნა,8ქულა).

20-წლამდელთა
მორიგი დაპირისპირებები ხვალ, 6 მარტს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

დინამო – შსს აკადემია 51:56