გალერეა
“თბილისი მოლში” დასრულდა 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
დედაქალაქის შესარჩევი ტური, რომლის გამარჯვებულიც გუნდი 13 (ცამეტი) გახდა
(ვატო ბააკაშვილი, ვახტანგ ქადარია, ოთო ბულიავა, ზაზა სვანიძე). ფინალურ
მატჩში “13”-მა გუნდი Y.O. L.O. (ბექა ჩიკვილაძე, გივი ბაქრაძე,
საბა ლობჟანიძე, ილია ლონდარიძე) ოვერტაიმში, 20:18 დაამარცხა.
ფინალური მატჩი დრამატული და დაძაბული გამოდგა,.
მატჩის უმეტეს ნაწილში Y.O. L.O. ლიდერობდა,
თუმცა ძირითადი დროის ბოლო წამზე ვახტანგ ქადარიამ შორეული სროლით ანგარიში გაათანაბრა
და მატჩში ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში გუნდ 13-ს“ გამარჯვება ოთო ბულიავამ მოუტანა, რომელმაც გარღვევა
შედეგიანად დააგვირგვინა და მასზე აღებული ჯარიმის სანაცვლოდ, საჯარიმოს
ნიშნულიდან გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
3X3
კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით “თბილისი
მოლში” დღეს გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ტურნირის
ორგანიზატორები, ვეტერანი კალათბურთელები, მხარდამჭერი და სპონსორი
კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიალი საკმაოდ
შთამბეჭდავი გამოვიდა, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სძენდა გარემო. „თბილისი“
მოლის გრანდიოზულ ჰოლში ლამაზად ჩაჯდა ფიბა-ს ლიცენზირებული მოედანი, რომელიც
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
დახმარებით შეიძინა.
თავდაპირველად ტურნირის მონაწილეებს და
დამსწრე საზოგადოებას ტურნირის ორგანიზატორები და მხარდამჭერები მიესალმნენ.
მოედნიდან დამსწრეებს სიტყვით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრმა ლევან ყიფიანმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ
გაბრიჩიძემ.
შემდეგ მაყურებელმა მოძრაობის თეატრის
დრამერების მუსიკალური ნომერი იხილა, მოედანზე გასულ „რედ ბულის“ პრომო
ავტომობილიდან კი სამორი ბალდე ამოვიდა და საკუთარ ჯგუფთან ერთად მუსიკალური
ნომერი შეასრულა. ჰიპ-ჰოპის ჰანგების ფონზე აკრობატთა გუნდი „ჰოპერსი“ ბურთის
კალათში გდების ეფექტურ ნომრებს ასტულებდა ბატუტის გამოყენებით.
1-2 ადგილზე გასული
გუნდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ერთობლივად
დააჯილდოვეს.
ტურნირის საუკეთესო
მოთამაშე გამარჯვებული გუნდის წევრი, ოთო ბულიავა გახდა, რომელსაც სპეცალური პრიზი
“თბილისი მოლის” მარკეტინგის მენეჯერმა, იანა კოკოულინამ გადასცა.
მთლიანობაში, თბილისის ტურის 6-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლება. 12 ივლისს, თბილისში დაგეგმილ ფინალურ ეტაპამდე საქართველოს ყველა რეგიონში მთლიანობაში 10 შესარჩევი ტური გაიმართება, რომლებიდანაც კიდევ შეირჩევა ფინალური ეტაპისთვის გამორჩეული გუნდები.
იმ გუნდებს, რომლებმაც თბილისის შესარჩევ ტურში იასპარეზეს და საუკეთესო 6-ეულში ვერ მოხვდნენ, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ტურში მიიღონ მონაწილეობა ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ანუ შესარჩევ ტურებში მონაწილეობა გუნდებისთვის შეზღუდული არ არის.
ლევან ყიფიანი
( სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრი): მსოფლიოში ძალიან
დიდი ტემპით მიმდინარეობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, იმართება მსოფლიო ჩემპიონატები
და სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ქართველებიც ვერთვებით. ამისთვის საჭიროა ასეთი სტანდარტის
მოედანი და ის ენთუზიაზმი, რომელიც ჩვენს მოთამაშეებს ახასიათებთ. დღევანდელი ღონისძიებით
დიდი ნაბიჯი გადაიდგა მთლიანად ქართული კალათბურთის განვითარებისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის.
მიხეილ გაბრიჩიძე
(კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ძალიან კმაყოფილი
ვარ. ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი კალათბურთისთვის
დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს მხარდაჭერისთვის და ყველა სპონსორ
კომპანიას, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ტურნირის სრულყოფილად ჩატარებისთვის.
იანა კოკოულინა
(„თბილისი მოლის“ მარკეტინგის მენეჯერი): „რაკია
ჯგუფისა“ და „თბილისი მოლის“ სახელით მსურს მადლობა გადავუხადო კალათბურის ეროვნულ ფედერაციას
ასეთი დაუვიწყარი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს იყო გამორჩეული წარმატება, რომელმაც
კიდევ უფრო გაზარდა „თბილისი მოლის“ იმიჯი.
ვახტანგ ქადარია
(გუნდი 13-ის მოთამაშე): გუშინდელი „რედბულის“ ტურნირის შემდეგ არ მეგონა
თუ გამარჯვებას მოვიპოვებდით. მიუხედავად დაღლილობისა, ყველანაირად ვეცადეთ ბოლომდე
გვებრძოლა და გამარჯვება მომეპოვებინა. ოთო ბულიავაც დაგვეხმარა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო. ეს იყო გრანდიოზული ღონისძიება. ასეთი ტურნირი საქართველოში
ჯერ არ ჩატარებულა.
ოთო ბულიავა
(ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, გუნდი 13-ის წევრი):ძალიან ორგანიზებული
ტურნირი იყო და კმაყოფილი ვარ. ტურნირისთვის შესანიშნავი ადგილი იყო შერჩეული, მოთამაშეებს სიცხე არ გვაწუხებდა და ყველანაირი პირობა გვქონდა
შექმნილი. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფედერაცის და ყველას ამ ტურნირში შეტანილი
წვლილისთვის. ასევე მადლობა საუკეთესო მოთამაშედ დასახელებისთვის. რაც შეეხება ფინალურ
ეტაპს, კალათბურთის დონით ალბათ თბილისი საუკეთესოა და ვფიქრობ კარგი შანსი გვაქვს
გამარჯვების. ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.