შედეგები
გალერეა 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია.
გელა წულაძისა და ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიამ ნახევარფინალური სერიის მეორე
მატჩიც მოუგო ვითას და ფინალში გავიდა.
ვითელები სერიის მეორე მატჩისთვის მაიზერ რევაზაშვილით
გაძლიერდნენ, რომელიც პირველ შეხვედრაში არ იყო. ვატო თევზაძის გაწვრთნილი ვითელები
კარგა ხანს ლიდერობდნენ. პირველი მეოთხედი 21:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ვითას
ლიდერობა 9 ქულამდე გაიზარდა.
აკადემიელებმა მესამე პერიოდიდან თამაში გამოასწორეს
და ჯერ ანგარიში შეამცირეს, ხოლო ბოლო ათწუთეულში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.
გუნდური თამაშის წყალობით წულაძის გუნდმა პერიოდი 32:22 მოიგო და საბოლოოდ 7-ქულიანი
გამარჯვება მოიპოვა – 87:80.
გამარჯვებუთაგან 13 ქულით ბომბარდირი გიორგი გუგეშაშვილი
გახდა. 12 ქულა მიითვალა გიორგი გვიანიძემ, ხოლო 10-10 ქულა ვასილ მჭედლიშვილმა, გიორგი
ქავთარაძემ და საბა მგალობლიშვილმა მიითვალეს. ვითაში 20 ქულით საუკეთესო მაიზერ რევაზაშვილი გახლდათ.
ნახევარფინალური სერია დაიწყო მეორე წყვილში, რომელშიც
ერთმანეთს სოხუმი და მაკაბი ხვდებიან. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული სოხუმი
მეოთხე ადგილზე გასულ მაკაბის დაუპირისპირდა და დამაჯერებლად – 79:59 გაიმარჯვა.
მაკაბელებმა მატჩი ენერგიულად დაიწყეს და ლუკა ზაქრაძის
წინამძღოლობით პირველი პერიოდი 22:19 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ვითარება რადიკალურად
შეიცვალა. სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს და თამაშის ბედი ფაქტობრივად დიდ შესვენებამდე
გადაწყვიტეს. მეორე მეოთხედი თემური კანკიასა და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა
23:4 მოიგეს და მესამე პერიოდს 16-წულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
მეორე ტაიმში სოხუმელებმა მოპოვებული უპირატესობა აღარ
დათმეს და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულეს. გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლით
საუკეთესო იყო დავით ლომიძე, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. თორნიკე გაგუამ
სოხუმელებს 19 ქულა შესძინა, ხოლო მამუკა ბაზუაშვილის ანგარიშზე 11 ქულა და 13 მოხსნა
დაგროვდა. მაკაბიში 25 ქულით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა.
სოხუმი სერიაში 1:0 დაწინაურდა და მეორე მატჩს მოგების
შემთხვევაში ფინალში გავა. სერიის მომდევნო მატჩი 21 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
სოხუმი – მაკაბი 79:59
აკადემია – ვითა 87:80