აკადემიამ და სოხუმმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

აკადემიამ და სოხუმმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

შედეგები 

„სოხუმი“ აღმავლობის
გზაზეა. უხეიროდ დაწყებული ჩემპიონატის შემდეგ ვაჟა კვარაცხელიასა და ლიკა ქაჯაიას
გუნდი შედეგებს აუმჯობესებს. სოხუმელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს, რაც სხვა ასაკობრივ
ჩემპიონატებზე გაცილებით დაბალანსებული 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის კარგი შედეგია.

„სოხუმმა“ მორიგი
გამარჯვება „მგზავრები-არმიასთან“ მოიპოვა. გასულ კვირას კი კვარაცხელიას გუნდმა რუსთავში
იმარჯვა. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მართალია, „სოხუმმა“ პირველი
ტაიმი 7 ქულით მოუგო არმიელებს, თუმცა მეორე 5-ით დათმო და თამაში თანაბარ კალაპოტს
დაუბრუნდა.

მეტ-ნაკლებად
თანაბარი თამაში მიდიოდა ბოლო მეოთხედამდე, რომელიც სოხუმელებმა დაცვის ხარჯზე
16:7 მოიგეს და საბოლოოდ 12-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 66:54. გამარჯვებულთაგან
საუკეთესო კოტე ბიწაძე გახლდათ, რომელმაც 18 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა მოაგროვა
ლუკა ბულიავამ, რომა კვერნაძემ პირად ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა. დამარცხებულთაგან
11-11 ქულა დააგროვეს თორნიკე გაგუამ და მამუკა ბაზუაშვილმა.

მეორე შეხვედრა
20-ქულიანი სხვაობით დასრულდა. „აკადემიამ“ ბოლო მეოთხედში გატეხა „ქუთაისი“ და
85:65 გაიმარჯვა. იმერული კლუბი ბოლო ადგილზეა და რაც შეეძლო, წინააღმდეგობა გაუწია
ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყო.

„აკადემიაში“
16 ქულით ბომბარდირი გიორგი გვიანიძე გახდა, 10-10 ქულა მოიპოვეს საბა ჯაყელმა და ნიკა
ღურწკაიამ, ნიკა დარბაიძის ანგარიშზე კი 8 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. „ქუთაისში“
21 ქულით რატი ნუცუბიძე გამოირჩა, ხოლო ირაკლი მაცაბერიძემ 15 ქულა მიითვალა.

20-წლამდელთა
მორიგი მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.