აკადემიამ მგზავრები-არმია დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიამ მგზავრები-არმია დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  სტატისტიკა გალერეა

 დღეს საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის
გადადებული მატჩი გაიმართა. „მგზავრები-არმია“ „აკადემიას“ შეხვდა და მატჩი ამ უკანასკნელის
იოლი გამარჯვებით – 84:57 დასრულდა.

შედეგი მოულოდნელი გახლდათ, რადგან ორივე გუნდს მოგებ-წაგებათა
თანაბარი შეფარდება (3-1) ჰქონდა და ზოგადად, „აკადემია“ ფავორიტად არ მიიჩნეოდა. მაყურებელი
საინტერესო, დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინში იყო, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. გელა
წულაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ისე დალაგებულად, შემართებით და ზუსტად ითამაშეს,
რომ მეტოქისთვის შანსი არ დაუტოვებიათ.

„აკადემიას“ წინამძღოლობდა ბექა დარახველიძე, რომლის
ზუსტი სამქულიანები ეკლებივით იყო „მგზავრები-არმიასთვის“. პირველი მეოთხედის
18:11 მოგების შემდეგ „აკადემიამ“ მეორე მეოთხედში 31:13 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე
25-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. წულაძის გუნდის ლიდერობამ
30 ქულას მიაღწია და გამარჯვებულის ვინაობაც მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. ბექა
დარახველიძე გამარჯვებულებს 27 ქულით შეეშველა. 17 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ასევე
სტაბილურად მოთამაშე ნიკა ღურწკაიამ. დამარცხებულთაგან ყველაზე მეტი – 13 ქულა სანდრო
ბოლქვაძეს დაუგროვდა.

მომდევნო ტურის მატჩები 9 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიაში
გაიმართება. „მაკაბი“ „აკადემიას“ შეხვდება, ხოლო „ოლიმპი“ „ქუთაისს“.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გელა წულაძე (“აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.  კმაყოფილი ვარ. ჩვენმა გუნდმა ისეთი შედეგი აჩვენა, როგორიც გვსურს და რომლისთვისაც ვმუშაობთ. ყველა მოთამაშემ, რომელიც დღეს მოედანზე იყო, ბრწყინვალედ იასპარეზა. 
დიმიტრი ჟაკობოვი (“მგზავრები არმიის” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ აკადემიის გუნდს გამარჯვებას. მეტოქე დღეს ჩვენზე ბევრად მოტივირებული და კონცენტრირებული აღმოჩნდა. გვაჯობა ყველა კომპონენტში. გავაანალიზებთ დღევანდელ თამასს და სათანადოდ მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის.