აკადემიის გამარჯვება და არშემდგარი სენსაცია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიის გამარჯვება და არშემდგარი სენსაცია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა 

20-წლამდელთა
ჩემპიონატში დღეს გამართული 3 შეხვედრიდან ყველაზე საინტერესო პირველი გამოდგა, რომელშიც
ერთმანეთს “აკადემია” და “ოლიმპი” შეხვდნენ. მატჩის ბოლო წუთები
დაძაბული არ ყოფილა, თუმცა ეს იმის გამო მოხდა, რომ “აკადემიამ” დიდებულად
ითამაშა მესამე მეოთხედის დასკვნით წუთებში და აღებული ტემპი ბოლომდე შეინარჩუნა.

მატჩის პირველი
ტაიმი ოლიმპელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, მესამე პერიოდის დასრულებამდე
4 წუთით ადრე კი ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა 11-ქულიან უპირატესობას (57:46) მიაღწია
და ერთი შეხედვით მეტოქე გატეხა. გელა წულაძემ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მოედანზე
დაბრუნებული აკადემიელები სულ სხვანაირად ათამაშდნენ. მწყობრი დაცვისა და სწრაფი შეტევის
წყალობით “აკადემიამ” ჩამორჩნა 2 წუთში გააბათილა და ბოლო პერიოდს 2-ქულიანი
ლიდერობით შეხვდა – 64:62.

“ოლიმპს”
სიმაღლეში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ფარზეც ბატონობდა, თუმცა აკადემიელებმა შესაბამისი
ტაქტიკა აირჩიეს და მწვრთნელისგან მიღებული დავალებები ზუსტად შეასრულეს. წულაძის შეგირდები
სწრაფი შეტევებით და შორი სროლებით ისე უხვად იხვეჭდნენ ქულებს, რომ თამაში დაძაბულობის
გარეშე ჩამთავრდა. “ოლიმპმა” მთლიანობაში მეტოქეზე 15 მოხსნით მეტი მოიხვეჭა,
მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გიშველის, როცა მეტოქეს სწრაფ შეტევებს და შორ სროლებს ვერ
აკავებ.

ნიკა ამირხანაშვილის,
ბექა დარახველიძის და ლუკა გიორგაძის მექულეობით აკადემიელებმა შესანიშნავი ბოლო მეოთხედი
ჩაატარეს და საბოლოოდ დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს. გიორგაძემ თამაში ისე დაასრულა,
ბურთი არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო. ჯამში მას 15 ქულა
დაუგროვდა, ბომბარდირი კი 26 ქულით დარახველიძე გახდა, ამირხანაშვილის ანგარიშზე  23 ქულა დაგროვდა. ოლიმპელთაგან 22 ქულით საუკეთესო
ბექა ნადირაძე გახდა, თემო ფხაკაძემ (10 ქულა, 15 მოხსნა) და გეგი ბაქრაძემ
(14-10) კი შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
აკადემია – ოლიმპი  89:76
გელა წულაძე(,,აკადემიის” მთავარი
მწვრთნელი): დღეს ბიჭებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით
კარგად დაცვაში ითამაშეს. პირველ ტაიმში არ წაგვივიდა სროლები, თუმცა მეორე ნახევარში
გამოვასწორეთ, 8 სამქულიანი ჩავაგდეთ და მოვიგეთ.

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის” მთავარი
მწვრთნელი): მივულოცავ ,,აკადემიას” დამსახურებულ გამარჯვებას.
ჩვენს ბიჭებს ეტყობოდათ გადაღლილობა, მეორე ტაიმი მთლიანად ჩააგდეს, ,,აკადემიამ”
კი კარგად ითამაშა და ღირსეულად მოიგო. შემდეგი თამაში რუსთავში გვაქვს და მაქსიმალურად
მოვემზადებით ამ შეხვედრისთვის. 

მეორე მატჩში
ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერი “შსს-აკადემია” და “ქუთაისი” შეხვდნენ.
იმერულმა კლუბმა ერთპიროვნულ ლიდერს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა. მეორე
ნახევრიდან “შსს-აკადემიის” მოთამაშეებმა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდეს,
როცა ბოლო მეოთხედი დაიწყო და ვითარება არ შეიცვალა, “ქუთაისი” წაგებას შეეგუა.

საბოლოოდ,
“შსს-აკადემიამ” 83:68 მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატის მე-17 მატჩში მე-16
გამარჯვება მოიპოვა. აკადემიელებს გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლიათ – ქულები მეტნაკლებად
თანაბრად გადანაწილდა: 15-15 ქულა დააგროვეს ლერი კვანტალიანმა და ერეკლე ლორთქიფანიძემ,
14-14 – შოთა გელაზონიამ და ლევან ლოლიშვილმა. დამარცხებულთაგან 21 ქულით სუკეთესო
ლევან გრძელიძე იყო, რატი ნუცუბიძემ და უჩა გამრეკლიძემ შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
შსს აკადემია – ქუთაისი  83:68
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის”
მთავარი მწვრთნელი):  ბიჭებმა დღეს
ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს, დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით, მეორე
ტაიმში. 1-ლი ადგილი უკვე განაღდებული გვაქვს და ვემზადებით პლეიოფებისთვის, უკვე მთლიანად
ტაქტიკურ სამუშაოზე ვართ გადართულები.

კობა კირთაძე(,,ქუთაისის” მთავარი
მწვრთნელი):  სამწუხაროდ,
დავმარცხდით. ბიჭებისთვის ძალიან რთულია ზედიზედ 2 მატჩის ჩატარება, დიდი გზის შემდეგ
ვერ ასწრებენ სასტუმროში კარგად დასვენებას და ძალების აღდგენას, ეს შედეგებზეც აისახება.  მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
 

დღის ბოლო მატჩში
კინაღამ სენსაცია მოხდა. “ჰიუნდაიმ” “რუსთავს” უმასპინძლა და მეტ-ნაკლებად
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ რუსთავმა მესამე მეოთხედი ჩააგდო და 25 ქულით ჩამორჩა.
ბოლო პერიოდის პირველ წუთზე ჰიუნდაელებმა ორქულიანი ჩააგდეს და 27 ქულით – 65:38 დაწინაურდნენ.
ყველამ ჩათვალა, რომ “ჰიუნდაიმ” საქმე მოამთავრა – “რუსთავში”
მოედანზე 16 წლის სათადარიგო ირაკლი წიქარიშვილი გამოჩნდა. სწორედ წიქარიშვილმა ჩააგდო
მიჯრით 4 ქულა, შედეგიანი პასი გაიღო და როცა 3-ქულიანიც მიითვალა, ჰიუნდაელები ანერვიულდნენ
– თამაშის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, ანგარიშში სხვაობა კი 9 ქულამდე შემცირდა
– 67:58. მორიგ შეტევაში შოთა ნარჩომაშვილმაც იხეირა და ანგარიში 60:67 გახდა. ანუ
რუსთაველებმა 4-წუთიანი მონაკვეთი 22:2 მოიგეს.

ნიკო ჩერქეზიშვილმა,
რა თქმა უნდა, შესვენება აიღო, მაგრამ რუსთაველები მაინც ვერ შეაჩერა. კიდევ 2 წუთში
ქვემოქართლელებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს (62:68) და აკადემიის დარბაზში სენსაციის
მოლოდინიც იყო, თუმცა “ჰიუნდაის” მოთამაშეებმა მობილიზების მოხდენა შეძლეს
და მოგებული შეხვედრის წაგება არ დაუშვეს. დაცვაში საიმედოდ ჩადგნენ, შეტევაში კი სანდრო
სანაძის, ლუკა ბულიავას და კახა ტომარაძის ჩაგდებული ბურთების შემდეგ ლიდერობა 11 ქულამდე
გაზარდეს, რითაც ქვემოქართლელებს წარმატების იმედი გადაუწურეს.

ბოლო წუთს აზრი
დაეკარგა და “ჰიუნდაიმ” ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა – 79:64. “ჰიუნდაიში”
24 ქულით ბომბარდირი სანაძე გახდა, ლუკა ბულიავამ 12 მიითვალა, ნიკა ლომიძემ კი 9 ქულა
და 10 მოხსნა დააგროვა. “რუსთავში” 17 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, შოთა
ნარჩომაშვილმა კი პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი (14 ქულა, 10 მოხსნა) ჩაიწერა. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
ჰიუნდაი – რუსთავი  79:64
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის”
მთავარი მწვრთნელი): კინაღამ მოგებული თამაში წავაგეთ, ამიტომ კმაყოფილი
ვერ ვიქნები. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გარკვეული ხნით გამოგვაკლდა და გუნდს ვერ დაეხმარება
სანდრო ბოლქვაძე. იმედია, 2-3 კვირაში ლუკა ზაქრაძე დაიწყებს ვარჯიშს და მალე დაგვიბრუნდება.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მწვრთნელი):
ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. თავდასხმაშიც
სუსტად ვითამაშეთ.  ბოლოს მოინდომეს ბიჭებმა,
თუმცა ასეთ თამაშს ბოლო წუთებზე ვერ მოიგებ, ვფიქრობ, თავიდანვე ასეთი მობილიზებით
და მონდომებით რომ დაეწყოთ, სხვანაირი თამაში იქნებოდა.