ამერიკის საელჩოს პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევა დაიწყო

ამერიკის საელჩოს პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევა დაიწყო

ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასამაღლებლად ამერიკის მთავრობა განაგრძობს პროექტების განხორციელებას. საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით დღეს საკალათბურთო აკადემიაში კალათბურთელ გოგონებს გასაუბრება ჩაუტარდათ. პროექტი მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა კალათბურთელების და მწვრთნელების მივლინებას.
ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით ამგვარი პროექტი განახორციელა და მაშინ ამერიკაში 2 გოგონა, 2 ვაჟი და 1 ახალგაზრდა მწვრთნელი იმყოფებოდნენ. ამჯერად პროექტი ამერიკაში 4 გოგონას და 1 ქალი მწვრთნელის მივლინებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 7 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა მის დეტალებზე ისაუბრეს.
პროექტისთვის მონაწილეთა შერჩევა გუშინ, თელავში დაიწყო, სადაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა გოგონებს ტესტირება ჩაუტარეს. მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია კალათბურთის კარგად თამაში, ინგლისური ენის ფლობა და სურვილი ისწავლონ მეტი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ.
შესარჩევი ეტაპები 4 ქალაქში ჩატარდება. თელავისა და თბილისის შემდეგ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ტესტირებებს ქუთაისში (19 თებერვალი) და გორში (20 თებერვალი) გამართავენ.