ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებებია

ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებებია

 საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში სიახლეები და გადაადგილებებია. ნაკრებებში 2 ახალი სახე გამოჩნდა – ირაკლი ხოშტარია და თემურ კანკია, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ასისტენტის პოზიციას დაიკავებენ.
სუპერლიგის ლიდერ “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ხოშტარია მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ასისტენტი იქნება. 20-წლამდელებში აინაცვლა 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა, რომელიც ხოშტარიასთან ერთად უსტიაშვილის ასისტენტი იქნება.
18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს არჩილ ჟღენტი დაიკავებს, რომელიც აქამდე 20-წლამდელებში დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. 18-წლამდელებში ჟღენტის ასისტენტები იქნებიან დიმიტრი ჟაკობოვი და გიორგი ნიკოლაძე, რომელიც აქამდე ანალოგიურ პოზიციაზე, ოღონდ 16-წლამდელებში მუშობდა.
16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ გია კაზანჯიანი იმუშავებს, რომლის ასისტენტები ირაკლი ტომარაძე და “სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი თემურ კანკია იქნებიან. ტომარაძე 16-წლამდელებში აქამდეც კაზანჯიანის ასისტენტად მუშაობდა, კანკიას კი ასაკობრივ დონეზე მწვრთნელობა პირველად მოუწევს.
ზემოთაღნიშნული სიახლეებისა და გადაადგილებების შედეგად სამივე ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავი 3-3-მა სპეციალისტმა მოიყარა, რომელთა შემადგენლობასაც ცალ-ცალკე გთავაზობთ:
20-წლამდელთა ნაკრები
დავით უსტიაშვილი – მთავარი მწვრთნელი
მიხეილ ბერუაშვილი – ასისტენტი
ირაკლი ხოშტარია – ასისტენტი
 
18-წლამდელთა ნაკრები
არჩილ ჟღენტი – მთავარი მწვრთნელი
გიორგი ნიკოლაძე – ასისტენტი
დიმიტრი ჟაკობოვი – ასისტენტი
 
16-წლამდელთ ნაკრები
გია კაზანჯიანი – მთავარი მწვრთნელი
ირაკლი ტომარაძე – ასისტენტი
თემურ კანკია – ასისტენტი

ირაკლი ხოშტარია                                                                          თემურ კანკია