რუსთავმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის საინტერესო მატჩს
უმასპინძლა. ცხრილის ფსკერზე მყოფი მასპინძელთა გუნდი მიმდინარე გათამაშების ლიდერ
„ოლიმპს“ შეხვდა და 72:63 დაამარცხა.
მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, დარბაზში საკმაოდ ბევრი
გულშემატკივარი მოვიდა, რომელთა უმეტესობაც „რუსთავს“ ქომაგობდა. მასპინძლებმა შეხვედრა
მძიმედ დაიწყეს და თითქმის მთელი პირველი ტაიმი ჩამორჩებოდნენ. თბილისური გუნდი კარგად
იყენებდა სიმაღლეში უპირატესობას და ფარქვეშიდან ოლიმპელები ზედმეტი პრობლემების გარეშე
იხვეჭდნენ ქულებს.
პირველი პერიოდი სტუმრებმა 17:12 მოიგეს და თითქმის
მთელი მეორე პერიოდიც ლიდერობდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა შორი სამიზნე გაისწორეს,
ოლიმპელებმა კი შეცდომებს უმატეს და ანგარიშიც გათანაბრდა – 40:40 დიდი შესვენებისთვის.
მესამე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ცხადი
იყო, ყველაფერს პასუხს გადამწყვეტი ათწუთეული გასცემდა. რამაზ გოგობერიშვილისა და ირაკლი
ჯაფარიძის გაწვრთნილი გუნდი ბოლო წუთებში შედეგიანად ათამაშდა. რუსთაველები დაცვაშიც
საიმედოდ თამაშობდნენ და შეტევაშიც მიზანი იშვიათად ღალატობდათ. გიორგი დვალმა, ერეკლე
ლორთქიფანიძემ, გიორგი ოქროჭელიძემ, შოთა ნარჩომაშვილმა და თორნიკე ქიტოშვილმა უმნიშვნელოვანესი
ბურთები ჩააგდეს, რამაც მასპინძელთა გუნდი „ოლიმპისთვის“ მიუწვდომელი გახადა.
რუსთაველთაგან 19 ქულით ბომბარდირი დვალი გახდა, რომელმაც
5 ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო. ფარზე იბრძოლა და მიუხედავად გაცილებით ტანმაღალი
მეტოქეებისა, 19 ბურთი მოხსნა გიორგი ოქროჭელიძემ, რომელმაც პირად ანგარიშზე 12 ქულაც
ჩაიწერა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ერეკლე ლორთქიფანიძემ, ხოლო ნარჩომაშვილმა 12
მიითვალა. რაც შეეხებათ დამარცხებულებს, მხოლოდ ერთი კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან
ზღვარს – საბა ლობჟანიძემ 15 ქულა მიითვალა.
რუსთავი – ოლიმპი 72:63