შედეგები
გალერეა17 ნოემბერს გაიმართა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის
მატჩები. დაგეგმილი იყო 3 მატჩი, თუმცა 1 მათგანი არ ჩატარდა. „აკადემიას“ „რუსთავთან“
წაგება – 0:20 ჩაეთვალა და ამის მიზეზი შესაბამისი ფერის სათამაშო ფორმის არქონა იყო.
„აკადემია“, როგორც მასპინძელი გუნდი, თამაშზე ღია ფერის
მაისურებით უნდა გასულიყო, თუმცა აკადემიელებს შესაბამისი მაისურები არ აღმოაჩნდათ
და დებულების შესაბამისად ტექნიკური წაგება გაუფორმდათ.
გამართული 2 შეხვედრიდან კი უფრო საინტერესო პირველი
გამოდგა, რომელიც „მაკაბისა“ და „სოხუმს“ შორის გაიმართა. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე
გადაწყდა. მაკაბელებმა ბოლომდე ებრძოლეს ჩემპიონატის 2 მოგებით დამწყებ „სოხუმს“, თუმცა
საბოლოოდ ვერას გახდნენ.
ბოლო წუთებზე სოხუმელებმა მანამდე მოპოვებული ლიდერობა
შეინარჩუნეს და 76:71 იმარჯვეს. სოხუმელებს მამუკა ბაზუაშვილმა ულიდერა, რომელმაც
18 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 16-16 ქულა მოაგროვეს ტატო ზუზაძემ და დავით ლომიძემ.
დამარცხებულთაგან 28 ქულით ბომბარდირი თორნიკე გოგელაშვილი გახდა, 21 ქულა და 15 მოხსნით
ორმაგი დუბლი დავით დადუნაშვილმა შეასრულა.
„სოხუმი“ დარჩა ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი, რადგან
დღეს პირველი მარცხი განიცადა „ქუთაისმა“. იმერულმა კლუბმა ჩემპიონატი 2 მოგებით დაიწყო,
დღეს კი „ვითასთან“ ვერას გახდა და 18-ქულიანი მარცხი იწვნია – 81:99.
„ვითაში“ გამორჩეული შედეგი დააფიქსირა გიორგი კორსანტიამ,
რომელმაც 29 ბურთი მოხსნა. ამ სარეკორდო შედეგთან ერთად კორსანტიამ 11 ქულა და 5 პასიც
მიითვალა. 29 ქულით ვითელთაგან ბომბარდირი გახდა ნიკა ჭიჭვეიშვილი, ნიკა წირღვავას
ანგარიშზე კი 18 დაგროვდა. დამარცხებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ირაკლი მაცაბერიძე.
მორიგი ტურის მატჩები 24 ნოემბერს გაიმართება.