საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ნაკრებს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, მილოშ გლიგორიევიჩი და მისი ასისტენტები – ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური. გლიგორიევიჩი უკვე მე-5 წელია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ის იგორ კოკოშკოვთან მუშაობდა, 2016 წლიდან დღემდე კი ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრია.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები ოფიციალურ მატჩებამდე სამწვთნელო შეკრებებს გაივლის სლოვენიასა და უკრაინაში, სადაც ჯამში 5 სპარინგ მატჩს გამართავს: მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 14 ივნისს სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებს, ხოლო 16-ში – 18-წლამდელებს დაუპირისპირდება. სლოვენიაში ჩვენი ნაკრები პოდჩეტრტეკში, სასტუმრო “ტერმე ოლიმიაში” დაბანაკდა, სადაც წლების მანძილზე, ზაფხულობით, შეკრებას საქართველოს ეროვნული ნაკრები გადიოდა.
სლოვენიიდან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გადავა, სადაც დედაქალაქ კიევში 3 საკონტროლო მატჩს გამართავს. 20 ივნისს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან, 21 ივნისს სლოვაკეთის U20-თან, ხოლო 22-ში უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან.