გალერეა
საკალათბურთო
აკადემიამ დღეს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს უმასპინძლა. სატურნირო თვალსაზრისით
უფრო მეტად მნიშვნელოვანი „აკადემიის“ და „ქუთაისის“ დაპირისპირება იყო. ამ გუნდებს
პლეი ოფში გასვლის პრეტენზია აქვთ და დღევანდელ
დაპირისპირებასაც მათთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
ფავორიტად „ქუთაისი“
მიიჩნეოდა, რომელსაც ცხრილში გაცილებით უკეთესი პოზიცია უკავია. მიუხედავად ამისა,
„აკადემიამ“ იმერულ კლუბს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მოგების შანსს ბოლო მეოთხედამდე
ინარჩუნებდა.
პირველი მეოთხედი
თანაბარი გამოვიდა. აკადემიელები სწრაფი შეტევებით ქულებს უხვად იხვეჭდნენ და მეტოქეს
ტოლს არ უდებდნენ. ქუთაისლებმა საწყისი პერიოდი 2 ქულით მოიგეს და უპირატესობის ზრდას
მეორე ათწუთეულიდან შეუდგნენ.
აკადემიელები
ცდილობდნენ, მაგრამ ჩამორჩენის გაბათილების საშუალებას მათ ქუთაისელები არ აძლევდნენ.
დიდი შესვენებისთვის კობა კირთაძის გაწვრთნილი სტუმრები 5 ქულით იგებდნენ, მესამე პერიოდის
ბოლოს კი მათმა უპირატესობამ სოლიდური სახე მიიღო – 58:46.
ქუთაისელები გამარჯვებამდე
ისე მივიდნენ, თამაში არ დაძაბულა. სტუმრებს 32 ქულით უჩა გამყრელიძემ ულიდერა, რომელმაც
10 მოხსნაც მიითვალა. 16 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი დააგროვა გიორგი ცირეკიძემ, ხოლო ლევან გრძელიძის
ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. აკადემიელებში 28 ქულით ბომბარდირი ნიკა ამირხანაშვილი
გახდა, ბექა დარახველიძემ კი ორმაგი დუბლი – 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
აკადემია – ქუთაისი 73:81
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ქუთაისი
ჩვენზე ძლიერი და მაღალი გუნდია, ფარზე გვაჯობეს, ბევრად მეტი მოხსნა ჰქონდათ და ამის
ხარჯზე დაგვამარცხეს. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. თანაც, ზოგიერთს ტრავმა
ისევ აწუხებს. ასე რომ, მათი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ.
კობა კირთაძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
მართალია გავიმარჯვეთ, თუმცა ბიჭების თამაშით უკმაყოფილო ვარ, ვერ შეასრულეს მიცემული
დავალებები. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა დღევანდელი შეცდომები
აღარ გავიმეოროთ.
მეორე მატჩში
ერთმანეთს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი „ჰიუნდაი“ და აუტსაიდერი „სოხუმი“ შეხვდნენ.
როგორც ყოველთვის, სოხუმელებმა თამაში კარგად დაიწყეს და სანამ ძალები და კლასი გაწვდათ, მეტოქეს ტოლ-სწორად
ებრძოლნენ. პირველი მეოთხედი „ჰიუნდაიმ“ 4 ქულით მოიგო, მეორე პერიოდიდან კი ნიკო ჩერქეზიშვილის
გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა.
საბოლოოდ, „ჰიუნდაიმ“ 82:60 მოიგო და მეორე ადგილი კიდევ უფრო
გაიმყარა. გამარჯვებულებს კახა გიორგაძემ 18 ქულით ულიდერა. 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა
ბექა ქარცივაძემ, კახა ტომარაძეს კი სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა,
10 პასი და 9 მოხსნა. სანდრო სანაძის ანგარიშზე 13 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა.
სოხუმელთაგან
გურამ კენჭიაშვილი გამოირჩა 30 ქულით, მიხეილ მეტრეველმა კი გუნდს 10 ქულა და 7 მოხსნა
შესძინა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
სოხუმი – ჰიუნდაი 60:82
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქემ მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და დაგვამარცხა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი):
ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ზედიზედ ორი თამაშის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს და ამაზე ნამდვილად
სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ.