ჰიუნდაიმ რეგულარული სეზონი შსს აკადემიასთან წაგებით დაასრულა

ჰიუნდაიმ რეგულარული სეზონი შსს აკადემიასთან წაგებით დაასრულა

 გალერეა

საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის
გადადებულ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების 2 ლიდერი – პირველზე მყოფი
“შსს-აკადემია” და მეორეადგილოსანი “ჰიუნდაი” შეხვდნენ.

არც ერთი გუნდისთვის ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა
არ ჰქონდა. აკადემიელებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება გარანტირებული
აქვთ, ხოლო ჰიუნდაელებს – მეორე. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდისთვის ეს იყო რეგულარული ჩემპიონატის
ბოლო მატჩი, რომელიც ლიდერთან 61:83 დათმო.

პირველი მეოთხედი დაძაბული გამოდგა, რომელიც ფრედ –
17:17 დასრულდა. მეორე პერიოდიდან აკადემიელებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს
და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. გამარჯვებულებს 19 ქულით და 21 მოხსნით
შოთა გელაზონიამ ულიდერა, ხოლო “ჰიუნდაიში” საუკეთესო შედეგი კახა გიორგაძემ
აჩვენა – 28 ქულა, 8 მოხსნა.

გასარკვევი მხოლოდ მეოთხე ადგილის მფლობელი დარჩა, რომლისთვისაც
ერთმანეთს “აკადემია”, “ოლიმპი” და “რუსთავი” ეცილებიან.
აღსანიშნავია, რომ პლეი ოფის ბოლო საგზურის მოპოვების უკეთესი შანსი “ოლიმპს”
და “რუსთავს” აქვთ, რომლებიც ერთმანეთს 29 მარტს ხვდებიან და სავარაუდოდ,
გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი): ამ მატჩს  არცერთი გუნდსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ  თამაში მაინც  დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მოთამაშეები აკლია, დიდი  წინააღმდეგობა გაგვიწია და წარმატებას ვუსურვებ ნახევარფინალში ქუთაისთან.  რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მხოლოდ ორი მატჩი დაგვრჩა გასამართი რეგულარული სეზონის დასრულებამდე და ძირითადად პლეი ოფზე ვართ გადართულები. იმედია ნახევარფინალური მატჩებისთვის სათანადო  ფორმაში ვიქნებით.
ნიკო ჩერქეზიშვილი (“ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი): მხოლოდ ერთს ვიტყვი, ჩვენმა გუნდმა ფინალამდე თუ მიაღწია, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება ჩვენთან თამაში.