ჰიუნდაის იოლი გამარჯვება სოხუმთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ჰიუნდაის იოლი გამარჯვება სოხუმთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  სტატისტიკა
 გალერეა

წარმატებული შეხვედრა ჩაატარა “ჰიუნდაიმ”.
ნიკო ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ჰიუნდაელებმა საკალათბურთო აკადემიაში “სოხუმი” ისე დაამარცხეს, რომ სერიოზული
წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

მატჩის მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო თანაბარი, რომელშიც
სოხუმელები ჯერ კიდევ უძალიანდებოდნენ მეტოქეს. მეორე მეოთხედში კი “ჰიუნდაიმ”
სრული კონტროლი დაამყარა მატჩზე და საწყისი პერიოდის 2-ქულიანი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის
12-მდე გაზარდა.

მეორე ტაიმში სოხუმლებმა ვერაფერი შეცვალეს. პირიქით,
კიდევ უფრო ჩამორჩნენ და, საბოლოოდ, 31 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. “ჰიუნდაიში”
ბომბარდირული თვისებები კარგად წარმოაჩინა სანდრო სანაძემ, რომელმაც 29 ქულა მიითვალა.
15 ქულა დააგროვა სანდრო ბოლქვაძემ. რაც შეეხება სოხუმელებს, ყველაზე მაღალი შედეგი
გურამ კენჭიაშვილმა დააფიქსირა – 20 ქულა.

 მატჩისშემდგომი კომენტარები

ნიკო ჩერქეზიშვილი
(“ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად  იმისა, რომ გავიმარჯვეთ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი
არ ვარ. გვაკლია ორი წამყვანი მოთამაშე – ლუკა ზაქრაძე და კახა  ტომარაძე. როდესაც ისინი გუნდს შემოურთდებიან,  დავლაგდებით და ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.
ჯერჯერობით  ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი როგორც
დაცვაში, ასევე თავდასხმაში.

თემურ კანკია
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენს გუნდს არაფერი გამოუვიდა. ვერც დაცვაში ვითამაშეთ, ვერც შეტევაში.
ვეცდებით მომდევნო მატჩებში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და ვაჩვენოთ ის პოტენციალი,
რომელიც ნამდვილად გაგვაჩნია. სამწუხაროდ დღეს ჩვენი შესაძლებლობების 10%-ც ვერ გამოვიყენეთ.