გალერეა
საკალათბურთო
აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ფავორიტად
მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს. გათამაშების 1-2 ადგილებზე მყოფი გუნდები ცხრილის ქვედა
ნაწილში მყოფ კლუბებს ხვდებოდნენ და ისე მოიპოვეს დაგეგმილი გამარჯვებები, პრობლემები
არ შექმნიათ.
პირველ მატჩში
ერთმანეთს ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. აკადემიელებმა
საწყის 2 მეოთხედში იბრძოლეს და „ჰიუნდაის“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. დიდი შესვენებისთვის
ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 39:33 იგებდა, რაც გელა წულაძის გუნდისთვის წარმატების
იმედს იძლეოდა.
მესამე პერიოდში
„ჰიუნდაიმ“ თამაშზე სრული კონტროლი დააწესა და საკუთარ ლიდერობას ისეთი სიდიდე მისცა,
ბოლო პერიოდს აზრი დაუკარგა. მესამე ათწუთეულში ჩერქეზიშვილის გუნდმა 33:20 იმარჯვა,
19 ქულით დაწინაურდა, რითაც მატჩის ბედი გაარკვია. დარჩენილ მეოთხედში აკადემიელებმა
მოინდომეს, რაც ჩამორჩენის მხოლოდ შემცირებას გასწვდა და მატჩი „ჰიუნდაის“ გამარჯვებით
– 87:75 დასრულდა.
გამარჯვებულთაგან
24 ქულით საუკეთესო სანდრო ბოლქვაძე გახლდათ. 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა კახა ტომარაძემ.
სანდრო სანაძის ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა, ვალერი ბიჭაშვილმა
კი ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „აკადემიაში“ ორნი გამოირჩნენ –
ნიკა ამირხანაშვილი – 26 ქულა, ბექა დარახველიძე – 25.
„ოლიმპთან“ მატჩი
„შსს-აკადემიამ“ მძლავრად დაიწყო. პირველი მეოთხედის 19:7 მოგების შემდეგ, მეორე პერიოდში
25:9 დაწინაურდა, თუმცა ოლიმპელებმა მოახერხეს მობილიზება და პირველი ტაიმის ბოლოს
აკადემიელებს 19:27 მიუახლოვდნენ.
მესამე პერიოდი
თანაბარ ბრძოლაში გაილია და გადამწყვეტ პერიოდში უნდა გარკვეულიყო, მოახერხებდნენ თუ
არა ოლიმპელები ფავორიტის დამარცხებას. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“
ბოლო მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და თამაში ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა –
59:48.
აკადემიელებს
19 ქულითა და 11 მოხსნით შოთა გელაზონიამ ულიდერა, 13 ქულა კი ლევან გორდულაძის ანგარიშზე
დაგროვდა. „ოლიმპში“ 15 ქულით საუკეთესო თენგო ხუციშვილი იყო, 13 ქულა კი ბექა ნადირაძის
ანგარიშზეა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ჰიუნდაი – აკადემია 87:75
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,აკადემია’’ ტანდაბალი გუნდი და საკმაოდ უხერხული მეტოქეა, როდის გაგასწრებენ, არ
იცი. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები, ბიჭები არ არიან ფორმაში, ბევრი ავადმყოფობდა
და ზოგს ჯერ კიდევ ტრავმები აწუხებს. იმედია, ფინალამდე მისასვლელად ძალები გვეყოფა.
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მეტოქემ
გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო, დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ბევრი სწრაფი
შეტევა გავუშვით.
შსს აკადემია – ოლიმპი 59:48
გიორგი ნიკოლაძე (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მხოლოდ შედეგით და მატჩის მეორე ტაიმში დაცვაში თამაშით ვარ კმაყოფილი. ბიჭებს გუნდური
სულისკვეთება აკლდათ და შეტევაშიც ვერ ვიასპარეზეთ სათანადოდ. ამ მხრივ თამაში გამოსაწორებელი
გვაქვს და პლეიოფს მაქსიმალურად მზად უნდა შევხვდეთ.
ზაზა ცაგარეიშვილი (,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. გუნდში ტრავმებმა იმატა და, სამწუხაროდ,
დღეს კიდევ ერთი მოთამაშე, ნიკა ბაქრაძე დაგვიშავდა. მიუხედავად ამისა, შესუსტებული
შემადგენლობით ვცდილობთ ჩვეული ფორმის შენარჩუნებას. მაქსიმალურად ვიბრძოლებთ პლეიოფისთვის
და ქუთაისში მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის სერიოზულად მოვემზადებით.