მორიგ ტურში სოხუმმა, აკადემიამ და ქუთაისმა გაიმარჯვეს

მორიგ ტურში სოხუმმა, აკადემიამ და ქუთაისმა გაიმარჯვეს

 შედეგები  გალერეა20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურს თბილისის ახალმა
სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ტურის 3 მატჩიდან ყველაზე საინტერესო პირველი შეხვედრა
გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს „მაკაბი“ და „აკადემია“ შეხვდნენ.

საბოლოოდ აკადემიელებმა 12 ქულით იმარჯვეს, მაგრამ მოგებულებმა
მეტოქის გატეხვა ბოლო პერიოდში მოახერხეს. მანამდე კი „მაკაბი“ ღირსეული ბრძოლით კუდში
მისდევდა „აკადემიას“, რომელმაც შეხვედრა უხეიროდ დაიწყო და საწყისი პერიოდი 17:24
დათმო. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა „აკადემიელებმა“ მეორე პერიოდი დამაჯერებლად
– 29:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მესამე მეოთხედში ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა მაკაბელებმა
ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საბოლოო წარმატებამდე მისასვლელად ძალები აღარ
ეყოთ და 75:87 დამარცხდნენ. გამარჯვებულებს 23 ქულით გიორგი თევდორაშვილმა ულიდერა,
ხოლო ნიკა ლეონიძემ პირად ანგარიშზე 21 ქულა ჩაიწერა. „მაკაბიში“ 15 ქულითა და 16 მოხსნით
დავით დადუნაშვილი გამოირჩა.

მეორე მატჩში „სოხუმი“ „ვითას“ შეხვდა და ისე იოლად
დაამარცხა, შეხვედრა არც დაძაბულა. სოხუმელებმა ვითელებს განაჩენი მესამე პერიოდში
გამოუტანეს, რომელიც 35:14 მოიგეს და ბოლო მეოთხედს აზრი დაუკარგეს. გათამაშების ლიდერმა
სოხუმელებმა საბოლოოდ 101:69 იმარჯვეს და ცხრილის სათამაში პოზიცია გაიმყარეს. გამარჯვებულთაგან
23 ქულით საუკეთესო დავით ლომიძე იყო, 17 ქულა კი ტატო ზუზაძის ანგარიშზე დაგროვდა.

დაბოლოს მესამე მატჩი, რომელიც 13-ქულიანი სხვაობით
დასრულდა, თუმცა უინტერესო არ ეთქმოდა. „ქუთაისმა“ პირველი ტაიმის 11 ქულით წაგების
შემდეგ დიდებული მეორე ნახევარი ჩაატარა და „რუსთავს“ მარცხი აგემა. ირაკლი მაცაბერიძის,
ლადო ფურცხვანიძის და დავით წივწივაძის შედეგიანი თამაშით იმერლებმა მესამე პერიოდი
23:7 მოუგეს რუსთაველებს, ხოლო დასკვნითი პერიოდის 8 ქულით მოგებით მეტოქეს საბოლოო
ლახვარი ჩასცეს – 81:68.

ჩემპიონატის მორიგი მატჩი 11 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება,
სადაც სათამაშოდ „აკადემია“ ჩავა.

მაკაბი – აკადემია  75:87 

სოხუმი – ვითა  101:69 

რუსთავი – ქუთაისი  68:81