3X3 კალათბურთში ახალგაზრდული ფესტივალის მეორე ეტაპი მთაწმინდის პარკში გაიმართა. 18-წლამდელთა ტურნირში მონაწილეობა 10-მა გუნდმა მიიღო და ფინალში წინა ტურნირის მსგავსად სოხუმი და საკალათბურთო კლუბ აკადემიას მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ჩირაქი გავიდნენ.
ფესტივალის ფარგლებში პირველი ტურნირი 6 აპრილს, სპორტკომპლექს არენაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ცალ-ცალკე 15 და 18 წლამდელებმა მიიღეს. 27 აპრილს გამართული ტურნირის ოფიციალური მასპინძელი მთაწმინდის პარკი გახლდათ და მასში მხოლოდ 18-წლამდელები მონაწილეობდნენ.
გარდა საპრიზო ფონდისა, ტურნირს სხვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი პერსპექტივა ახლდა. 6 აპრილისა და ამ ტურნირის შედეგებით უნდა შეირჩეს საქართველოს 18-წლამდელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 4-7 ივნისს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
თუ ვინ მოხვდება ნაკრებში, ამას ნაკრების მწვრთნელი და ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. შედეგბით კი ორივე ტურნირის ჯამში სოხუმის გუნდი გამოირჩა, რომელმაც ფინალური მატჩი ამჯერადაც მოუგო საკალათბურთო აკადემიის მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ გუნდ ჩირაქს.
ტურნირი მთლიანობაში საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. თბილისის ყველაზე მაღალ წერტილში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ერთმანეთში თვალსასეირო თამაში გააჩაღეს. ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი ბრძოლისუნარიანი და საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა წინა ტურნირის მსგავსად ფინალში ზემოთხსენებული სოხუმი და ჩირაქი გავიდნენ. თანაბრად მიმდინარე საჩემპიონო მატჩის დასკვნით ნაწილში სოხუმელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ბოლო წამებზე ჩირაქის კალათბურთელებმა მოახერხეს მატჩისთვის დაძაბულობის დაბრუნება, თუმცა სოხუმელებმა გამარჯვებამდე მისვლა ამჯერადაც შეძლეს და საჩემპიონო თასი მეორედ აღმართეს.
ფინალში წაგებულ ჩირაქს 500 ლარი ერგო, ხოლო ჩემპიონმა სოხუმმა ტურნირის ჯეკპოტი – 1000 ლარი მოხსნა. ჩირაქის მოთამაშეები – ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე, დავით აფხაზავა და გიორგი ცხოვრებოვი მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. მანვე გადასცა საჩემპიონო თასი სოხუმის მოთამაშეებს – კოტე ბიწაძეს, ვიტალი ცქიფურიშვილს, თაყა დემეტრაძეს და ტატო ზუზაძეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სოხუმელი ვიტალი ცქიფურიშვილი დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.