მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო (ვიდეო)

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო (ვიდეო)

დღეს დაიწყო კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერაა ორგანიზებული. პირველ დღეს სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიმართა.

ლიცენზირების პროცესი 30 თვეს გასტანს, რომლის განმავლობაშიც, ნებისმიერ მწვრთნელს შეეძლება მასში მონაწილეობის მიღება. ლიცენზირება 3-ეტაპიანია. სუპერლიგის გუნდებში მუშაობის მსურველებს სამივე ეტაპის გავლა მოუწევთ, ხოლო თუკი მწვრთნელს მხოლოდ მინი კალათბურთში, ანაც გარკვეულ ასაკობრივ დონემდე სურს მუშაობა, შესაბამისად პირველი, ან მე-2 ეტაპის ლიცენზიაც საკმარისი იქნება.
ლიცენზიის მისაღებად ტესტირებებზე გასვლა არაა შეზღუდული. გამოცდები ჩატარდება ფიბა-ს მიერ შედგენილი სპეციალური პროგრამით, რადგან სწორედ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნაა, რომ მისი წევრი ქვეყნების მწვრთნელებმა აღნიშნული ტესტირებები გაიარონ და შესაბამისი ლიცენზიები მიიღონ.
დღეს დაწყებული პროგრამის პირველ ეტაპს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლით მხოლოდ მინი კალათბურთში მუშაობის ლიცენზია მიიღება, უამრავი მწვრთნელი დაესწრო. 60-მდე დამსწრეში სუპერლიგის, ასაკობრივი ლიგებისა და ბავშვთა გუნდებში მომუშავე მწვრთნელები იყვნენ.
მწვრთნელებს ლექცია ჩაუტარა ვეტერანმა კალათბურთის სპეციალისტმა გია მიქაძემ, რომლებიც დამსწრეებს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში კალათბურთის როლზე ესაუბრა. ფიზმომზადებასა და სპორტსმენთა სწორ ვარჯიშებთან დაკავშირებით მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარა ამ დარგის სპეციალისტმა, კლუბ „არმიას“ ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი შიოშვილმა, რომელმაც ლექციის შემდეგ დამსწრეებს პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველ დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი დაესწრო, რომლებიც მწვრთნელებს მიესალმა და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის მომდევნო სემინარები 30 მაისს გაიმართება. დღის განრიგი შემდეგნაირია:
1)      დავით უსტიაშვილი – მწვრთნელობის სტილი და ქცევა               11:00
2)      თემო ხვედელიძე – კვება და სითხის ბალანსი ორგანიზმში          12:00
3)      ვიტაბიოტიკსი                                                                                         13:30
4)      გელა წულაძე – მინი კალათბურთი (პრაქტიკა)                                14:00