ოლიმპი პირველი ფინალისტია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპი პირველი ფინალისტია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა გალერეა 

20-წლამდელთა
ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. ლევან ქარაბაკისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა
„ოლიმპმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „რუსთავს“ და ფინალში ასპარეზობის
უფლება მოიპოვა.

რუსთაველებს აკლდათ
სერიის პირველ შეხვედრაში დაშავებული ძირითადი გამთამაშებელი თორნიკე ქიტოშვილი, ასევე
18-წლამდელი, თუმცა ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული ირაკლი წიქარიშვილი. დანაკლისის
კვალობაზე რუსთაველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ოლიმპელებს. პირველი მეოთხედის
განმავლობაში მასპინძლები ლიდერობდნენ და საწყისი პერიოდი მოიგეს კიდეც – 21:20.

მეორე პერიოდიდან
ვითარება შეიცვალა. „ოლიმპის“ კალათბურთელებმა თამაში დაალაგეს და მეტოქის დაცვას სუსტი
წერტილები უპოვეს. თბილისელთა ლიდერობამ დიდი შესვენებისთვის 12 ქულა შეადგინა, მესამე
პერიოდში კი 20 ქულას გადააჭარბა. ბოლო პერიოდში რუსთაველებმა მოინდომეს და ჩამორჩენა
9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ამაზე მეტი ვეღარ მოახერხეს და მატჩის წაგებასთან ერთად
სერიაც დათმეს.

„რუსთავი“ მე-3
ადგილისთვის იბრძოლებს, ხოლო „ოლიმპი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მეორე ნახევარფინალში
„აკადემიასა“ და „სოხუმს“ შორის ანგარიშია 1:1.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ლევან ქარაბაკი(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ფინალში
გავედით და მალე ჩვენს მეტოქეს შევიტყობთ. „აკადემიაც“ და „სოხუმიც“ საკმაოდ დალაგებულ
კალათბურთს თამაშობენ და რომელიც არ უნდა გავიდეს ფინალში, რთული ბრძოლა გველის. რაც
შეეხება დღვანდელ მატჩს, გვქონდა ბევრი შეცდომები როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თავიდანვე
ისე გავიდნენ ბიჭები მოედანზე, თითქოს მოგებული ჰქონდათ თამაში. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა
გაგვიწია, თუმცა საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ.

ლევან ურიდია( „რუსთავის“ კალათბურთელი): ,,ოლიმპი“
ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატია. ამ გუნდმა ორი შეკრება გაიარა უცხოეთში, ჩვენს
გუნდს კი ნორმალური მოსამზადებელი შეკრება არ ჰქონია. დღევანდელი მატჩი დავთმეთ და
ჩვენი ბრალია, გვაკლდა შეთამაშება და, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავედით. წინ მე-3 ადგილისთვის
მატჩია და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.