დღეს რუსთავსა
და ქუთაისში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა
გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „ოლიმპმა“, რომელმაც ქუთაისელებს შანში არ დაუტოვა.
მეორე შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: პირველი გამარჯვება მოიპოვა „რუსთავმა“,
რომელმაც 4 მოგების მქონე „სოხუმი“ 89:61 გაანადგურა.
ქუთაისში ოლიმპელებმა
პირველი მეოთხედი 20:10 მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა
7-მდე შეამცირეს. მეორე ნახევარში თბილისელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ნუგზარ აბულაძისა
და კახა ტომარაძის შედეგიანობით „ოლიმპმა“ მესამე ათწუთეული 28:21 მოიგო, ბოლო პერიოდში
კი უპირატესობა 27 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ 97:70 გაიმარჯვა.
„ოლიმპში“ 20
ქულით და 6 პასით საუკეთესო აბულაძე გახლდათ, 16 ქულა და 8 მოხსნა ტომარაძემ მიითვალა,
უჩა გამრეკლიძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
მასპინძელთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ლადო ფურცხვანიძე გახლდათ.
რუსთავში გამართულ
მატჩს 2 გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა: თორნიკე ქიტოშვილი და გიორგი დვალი. პირველმა
რუსთაველებს 27 ქულა და 7 პასი შესძინა, მეორემ კი პირად ანგარიშზე 24 ქულა ჩაიწერა.
მთლიანობაში რუსთაველებმა გუნდურად ითამაშეს
და ღირსეული გამარჯვება იზეიმეს.
მასპინძლებმა
ყველა მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ სეზონის პირველ გამარჯვებას შთამბეჭდავი ელფერი
მისცეს. სოხუმელთაგან რუსთავული საკალათბურთო სკოლის აღზრდილი კოსტანტინე ბიწაძე გამოირჩა,
რომელმაც 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ქუთაისი – ოლიმპი 70:97
ირაკლი მაისურაძე(,,ოლიმპის’’ მწვრთნელი):
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 2-ჯერ დაგვეწია მეტოქე. საკმაოდ თამამი
და კარგი კალათბურთი აჩვენეს. ჩვენზე იმოქმედა მგზავრობამ, დაღლილობამ იჩინა თავი და
უფრო მოდუნებულები ვთამაშობდით. თუმცა, ბოლოს მაინც ვიპოვეთ ძალები და საკმაოდ დიდი
სხვაობით გავიმარჯვეთ.
შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი):
საკუთარ მოედანზე 27 ქულით დავმარცხდით. ,,ოლიმპი’’ ძალიან ძლიერი გუნდია, ერთი თავით
მაღლა დგანან ჩვენზე. ბიჭებმა როგორც შეძლეს, იბრძოლეს. თუმცა მეტოქის დასამარცხებლად
ძალა არ ეყოთ.
რუსთავი – სოხუმი 89:61
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’
მთავარი მწრთნელი): დღეს ყველამ კარგად ითამაშა, გუნდური თამაში ვაჩვენეთ
და გავიმარჯვეთ. ნელ-ნელა ვპოულობთ ჩვენს თამაშს და ვლაგდებით, იმედია, ასე გავაგრძელებთ.
სამწუხაროა, რომ ერთი მაღალი მოთამაშე გვყავს და მანაც ტრავმა მიიღო დღეს.
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,რუსთავის’’ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, საერთოდ
არ იყვნენ ბიჭები ფორმაში, ვერ ითამაშეს და ეს ხარისხზეც და შედეგზეც აისახა.