სტატისტიკა გალერეა
დღეს საკალათბურთო აკადემიამ 20-წლამდელთა ჩემპიონატის
ერთ მატჩს უმასპინძლა. მეორე შეხვედრა, „მგზავრები-არმია“ – „აკადემია“ გადაიდო და
მომავალ კვირას, 19:45 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება გამართულ მატჩს, ის დიდად საინტერესო ვერ
გამოდგა. მიზეზი ერთი გუნდის სოლიდური უპირატესობა გახლდათ. „ოლიმპმა“ „სოხუმს“ იოლად
სძლია – 101:53.
პირველი ტაიმის შემდეგ არაფერი მოასწავებდა, რომ საბოლოოდ
ასე დიდი სხვაობა დაფიქსირდებოდა. საწყისი პერიოდის 9:19 წაგების შემდეგ სოხუმელებმა
თამაში გამოაკეთეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს – 29:38. მესამე
პერიოდში ყველაფერს წერტილი დაესვა. „ოლიმპმა“ შედეგიანად ითამაშა და ათწუთეულის
38:7 მოგებით შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
„ოლიმპში“ 24 ქულით ბომბარდირი არჩილ პულუზაშვილი გახდა,
16 ქულა დააგროვა კახა ტომარაძემ, ხოლო ფარქვეშ გამორჩეული სოსო გოგნაძემ 9 ქულა და
17 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთაგან 15 ქულით ვიტალი ცქიფურიშვილი გამოირჩა, ხოლო დიმიტრი
ბობილევმა ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მომდევნო მატჩი 5 დეკემბერს
ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ „აკადემია“ ჩავა.
მატჩისშემდგომი
კომენტარები
ლევან ქარაბაქი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):
თავდაპირველად თამაში საკმაოდ გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგემ ზონური დაცვა დაგვიყენა
და ბევრი ბური დავკარგეთ. მაგრამ შემდგომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. მოგვეცა
საშუალება ყველა მოთამაშე გამოგვეყენებინა, რომლებმაც დავალებებს თავი კარგად გაართვეს და მსურს ბიჭებს მადლობა გადავუხადო.
თემურ კანკია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი):
მზად არ აღმოვჩნდით დღევანდელი თამაშისთვის. ძლიერი მეტოქე გვყავდა. თამაშში ვერ ჩავერთეთ
და შედეგიც სახეზეა – დიდი სხვაობით დავმარცხდით.
მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.