გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის 2 მატჩს უმასპინძლა საკალათბურთო
აკადემიამ. მაყურებელმა ბრძოლა ვერ იხილა. ორივე შეხვედრა დიდსხვაობიანი ანგარიშით
დასრულდა.
„მაკაბიმ“ „აკადემიას“
ბოლო მეოთხედი 37:18 მოუგო, თუმცა მატჩი მაინც დიდი სხვაობით – 86:105 წააგო. აკადემიელებმა
პირველივე წუთებიდან რომ მოიპოვეს უპირატესობა, ლიდერობას გამუდმებით ზრდიდნენ. უხვქულიანობით
გამოირჩეოდა გიორგი თევდორაშვილი, რომელმაც საბოლოოდ 22 ქულა დააგროვა.
დიდი შესვენებისთვის
აკადემიელები 57:32 იგებდნენ, მესამე პერიოდის ბოლოს კი მათმა ლიდერობამ 38 ქულა შეადგინა.
ბოლო პერიოდში, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, „მაკაბის“ წევრებმა ქულები უხვად
მოაგროვეს, თუმცა საბოლოო შედეგზე ამას გავლენა არ ჰქონია.
თევდორაშვილის
კვალზე „აკადემიაში“ შედეგიანები იყვნენ: ნიკა ამირხანაშვილი 14 ქულით, ნიკოლოზ დარბაიძე
– 13 ქულით. „მაკაბიში“ 18 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო დავით ქარციძე იყო, დიმიტრი
მეტრეველის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
აკადემია – მაკაბი 105:86
რაც შეეხება მეორე
შეხვედრას, გათამაშების ლიდერმა „ოლიმპმა“ „რუსთავი“ გაანადგურა. ლევან ქარაბაკისა
და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ქვემოქართლური გუნდი არ დაინდეს. ყველა
კალათბურთელი, რომელიც მოედანზე გამოვიდა, ბოლომდე დაიხარჯა და შედეგიც შესაბამისი
დაფიქსირდა. თბილისურმა გუნდმა 115:52 მოიგო და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
ოლიმპელებს სათამაშო
დრო მწვრთნელმა თითქმის თანაბრად გაუნაწილა . ბომბარდირი სოსო გოგნაძე გახდა, რომელმაც
19 წუთში 16 ქულა ჩააგდო. უჩა გამრეკლიძემ 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლით
დაასრულა შეხვედრა არჩილ პულუზაშვილმაც – 13 ქულა, 11 მოხსნა. რუსთაველთაგან 10-ქულიან
ზღვარს ვერც ერთმა მიაღწია. ყველაზე მეტი – 9 ქულა ერეკლე ლორთქიფანიძის ანგარიშზეა.
ოლიმპი – რუსთავი 115:52