სტატისტიკა გალერეა
დღეს საკალათბურთო აკადემიაში გამართული მატჩები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. „მაკაბი“ – „სოხუმისა“ და „მგზავრები“ – „ოლიმპის“ დაპირისპირება საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე მატჩში მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა და ორივე შემთხვევაში 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილი მაკაბელები ცხრილში მათზე გაცილებით მაღლა მყოფ სოხუმელებს არ შეეპუვნენ და დებიუტშივე მოპოვებულ მცირე ლიდერობას კარგა ხნის მანძილზე ინარჩუნებდნენ. პირველი მეოთხედი „მაკაბიმ“ 26:25 ოიგო, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა კიდევ ერთი ქულით გაზარდა – 50:48.
მაკაბი – სოხუმი 86:96
დავით ქარციძის, თორნიკე გოგელაშვილისა და რევაზ მაღლაფერიძის
შედეგიანობის წყალობით „მაკაბიმ“ მესამე პერიოდიც კარგად ჩაატარა, 10-წუთეული
25:20 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 75:68 დწინაურდა. სოხუმელები წაგების რეალური საფრთხის
წინაშე აღმოჩდნენ, არადა, ეს გამარჯვება მათ ჰაერივით სჭირდებოდათ. მოგების შემთხვევაში
თემურ კანკიას გუნდი ცხრილში მე-3 ადგილზე ინაცვლებდა.
ბოლო პერიოდი სოხუმელებმა შესანიშნავად ჩაატარეს. ტატო
ზუზაძის, ვიტალი ცქიფურიშვილის, კოტე ბიწაძისა და მათი თანაგუნდელების სწრაფი და რაც
მთავარია, შედეგიანი თამაშის წყალობით „სოხუმმა“ გადამწყვეტი მეოთხედი 28:11 მოიგო
და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 96:86 იმარჯვა.
გამარჯვებულებს 29 ქულით ზუზაძემ ულიდერა. ცქიფურიშვილის
ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა, ბიწაძემ კი პირად ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება
ჩაიწერა. „მაკაბიში“ 30 ქულითა და 17 მოხსნით დავით ქარციძე გამოირჩა, რომელმაც შეხვედრა
შეუცვლელად ჩაატარა.
მგზავრები-არმია – ოლიმპი 74:84
10-ქულიანი სხვაობით დასრულდა „მგზავრები-არმიასა“ და
ჩემპიონატის ლიდერ „ოლიმპის“ შეხვედრაც. მატჩი ოლიმპელებმა მოიგეს, თუმცა მთელი შეხვედრის
მანილზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და მეტწილად ლიდერის ამპლუაში „მგზავრები-არმია“
გახლდათ.
დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა „მგზავრები-არმიამ“ პირველი
მეოთხედი 26:21 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპმა“ მეორე ათწუთეულში 21:9 იმარჯვა,
თამაშმა ინტრიგა მაინც არ დაკარგა. არმიელებმა თამაში გაათაბრეს და ბრძოლა ბოლო წუთებამდე
გაგრძელდა.
გადამწყვეტ მომენტში ოლიმპელებმა ორგანიზებულობა გამოავლინეს.
ნუგზარ აბულაძის, კახა ტომარაძის, არჩილ პულუზაშვილის და გურამ კენჭიაშვილის შედეგიანობამ
არმიელთა წინააღმდეგობა გატეხა და გათამაშების ლიდერმა მორიგი, რიგით მე-15 გამარჯვება
მოიპოვა.
„ოლიმპში“ 16-16 ქულით ტომარაძე და აბულაძე გამოირჩნენ,
13 ქულა არჩილ პულუზაშვილის ანგარიშზეა, ხოლო კენჭიაშვილმა ორმაგი დუბლი – 12 ქულა
და 10 მოხსნა მიითვალა. არმიელთაგან 18 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, ხოლო
მამუკა ბაზუაშვილის ანგარიშზე 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.