ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს საკალათბურთო აკადემიამ
უმასპინძლა. ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი „ოლიმპი“ ერთადერთი წაგების მქონე „შსს-აკადემიას“
შეხვდა და მიუხედავად უხეირო დასაწყისისა, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა – 78:68.
დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი ოლიმპელები შეხვედრის
პირველ მეოთხედში 18 ქულით ჩამორჩებოდნენ, ათწუთეული კი საბოლოოდ 11:29 წააგეს. შესანიშნავად
თამაშობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის უკანახაზელები, რევაზ როგავა და ლევან
ლოლიშვილი, რომელთა შედეგიანობამ აკადემიელებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა.
მეორე მეოთხედიდან „ოლიმპმა“ თამაშის ტაქტიკა შეცვალა.
აქცენტი დაცვაზე და სწრაფ შეტევებზე გააკეთა, რასაც პერიოდულად ტანმაღალ კალათბურთელებზე
აწყობილ თამაშს უნაცვლებდა. ფარქვეშ ჩინებულად ირჯებოდა თემურ ფხაკაძე, რომელმაც საბოლოოდ
11 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.
ტანმაღალი გიორგი ცირეკიძე კი პერიმეტრზე იწევდა და
ხშირ შემთხვევაში უმეთვალყურეოდ დარჩნილი სამქულიანებს წარმატებით ესროდა.
შსს-ს ლიდერობამაც ლღობა იწყო და მეორე ნახევარში „ოლიმპმა“
16-ქულიანი ჩამორჩნა 5-ამდე შეამცირა. მესამე მეოთხედში კი ოლიმპელებმა ჯერ ანგარიში
გაათანაბრეს (40:40), შემდეგ კი ლიდერობასაც დაეპატრონნენ. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჟაკობოვის გუნდი 4 ქულით
გალიდერდა და დარჩენილ დროში უპირატესობა დაძაბულ ბრძოლაში შეინარჩუნა. გადამწყვეტ წუთებში
ზემოთხსენებულ მეფარეებთან ერთად კარგად ითამაშეს „ოლიმპის“ უკანახაზელებმა – საბა
ლობჟანიძემ და ნუგზარ აბულაძემ.
გამარჯვებულთაგან 16 ქულით ბომბარდირი საბა ლობჟანიძე
გახდა, 14-14 მოაგროვეს ბექა ნადირაძემ და გიორგი ცირეკიძემ, ხოლო აბულაძე-ფხაკაძის
ანგარიშზე 11-11 ქულაა. „შსს-აკადემიაში“ 25 ქულით საუკეთესო რევაზ როგავა იყო, 15
ქულა ჰქონდა ლევან ლოლიშვილს, ხოლო არჩილ პულუზაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა
(12 მოხსნა, 9 ქულა).
ამ გამარჯვებით „ოლიმპმა“ ლიდერობა გაიმყარა, „შსს-აკადემიამ“
კი მეორე მარცხი განიცადა და აქამდე მეორე ადგილზე ერთპიროვნულად მყოფს, მოზიარე გამოუჩნდა.
დღის მეორე მატჩში „სოხუმმა“ „ჰიუნდაის“ 77:51 სძლია და მეორე ადგილზე მყოფ შსს-ს წამოეწია.
ორივე გუნდს 5 მოგება და 2 მარცხი აქვთ.
ჩემპიონატის მორიგი მატჩი 7 დეკემბერს რუსთავში ჩატარდება,
სადაც ადგილობრივი გუნდი „დინამოს“ უმასპინძლებს.
ოლიმპი – შსს აკადემია
სოხუმი – ჰიუნდაი