გალერეა
დღეს საკალათბრთო აკადემიამ 20-წლამდელთა ჩემპიონატის
2 მატჩს უმაპინძლა. არც ერთი შეხვედრა დაძაბული არ გამოდგა.
“ოლიმპმა” აუტსაიდერ “სოხუმს” ზედმეტი გართულების გარეშე მოუგო,
ლიდერმა “შსს აკადემიამ” კი “აკადემიას შანსი არ დაუტოვა.
ოლიმპელებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგეს, რაც
მათი ტანმაღალი მოთამაშეების – თემურ ფხაკაძის და ბექა ნადირაძის დამსახურებაა. საერთოდ,
“ოლიმპმა” მეტოქე ფარქვეშ დაჯაბნა და ძირითადი უპირატესობაც ამ კომპონენტის
წყალობით მოიპოვა.
სოხუმელებმა მეორე მეოთხედში მობილიზება შეძლეს და მეტოქეს
წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ჩამორჩენის შემცირება ვერ შეძლეს. დიდი შესვენებისთვის
“ოლიმპი” 12 ქულით იგებდა, რაც არ იყო დიდი სხვაობა, თუმცა “სოხუმმა”
შანსი ვერ გამოიყენა. მესამე და მეოთხე პერიოდები ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა გუნდმა
მცირე სხვაობით წააგო და მთლიანობაში შეხვედრა 17 ქულის სხვაობით – 59:76 დათმო.
გამარჯვებულ “ოლიმპში” 20 ქულითა და 9 მოხსნით
საუკეთესო ბექა ნადირაძე გახლდათ, თემურ ფხაკაძემ კი პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა.
9-9 ქულა-მოხსნა დააგროვა ნიკა ბაქრაძემ. “სოხუმში” 16 ქულით შოთა გოლეთიანი
გამოირჩა, ვოვა ბულიგინმა 14 ქულა-11 მოხსნა მოაგროვა, მიხეილ მეგრელაძის ანგარიშზე
კი 10 ქულა დაგროვდა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, “შსს-აკადემია”-“აკადემიაში”
42-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჩემპიონატის ლიდერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის
გუნდმა მწვრთნელების გარეშე დარჩენილი “აკადემია” არ დაინდო. გელა წულაძე
და ირაკლი ტომარაძე 16-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში არიან დაკავებულნი და
ამჟამად თურქეთში იმყოფებიან. “აკადემიას” შსს-სთან მატჩში ვასილ სომხიშვილმა
გაიყვანა, თუმცა გუნდი დიდი სხვაობით წაგებას ვერ აარიდა.
სხვაობა არ იქნებოდა ასეთი დიდი, რომ არა ბოლო მეოთხედში
დაფიქსირებული 23-ქულიანი სხვაობა. “შსს-აკადემიამ” ბოლომდე მობილიზებით
ითამაშა და მეტოქე აღნიშნულ პერიოდში 30:7 დაამარცხა. საბოლოოდ, გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა
გუნდმა 81:39 მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა.
გამარჯვებულებში 19-19 ქულა დააგროვეს ერეკლე ლორთქიფანიძემ
და შოთა გელაზონიამ. ამ უკანასკნელმა 15 მოხსნაც მიითვალა. რაც შეეხებათ აკადემიელებს,
მათ შორის 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ლუკა გიორგაძემ მიაღწია.
სოხუმი – ოლიმპი 59:76
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის” მთავარი
მწვრთნელი): მართალი აუტსაიდერ გუნდს შევხვდით, მაგრამ ლიდერები ჯერ კიდევ ტრავმირებულები გვყავს
და ამიტომ საკმაოდ მძიმე თამაში იყო. ფხაკაძე
სიცხიანი თამაშობდა, სამნიაშვილმა ფეხი გადაიბრუნა, თუმცა ვინც ითამაშა, ყველამ მაქსიმალური
გააკეთა გამარჯვებისთვის. ახლა ორიენტირებული ხვალინდელ თამაშზე ვართ.
აკადემია – შსს აკადემია 39:81
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’
მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი თამაში ტაქტიკის დასახვეწად გამოვიყენეთ.
აკადემია ჩვენთან შედარებით სუსტი გუნდია, თან მოთამაშეებიც აკლდათ. ამის მიუხედავად
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და პირველ ტაიმში კარგადაც ითამაშეს, თუმცა ბოლოს მაინც დიდი
სხვაობა დაფიქსირდა ანგარიშში. ხვალ სერიოზული შეხვედრა გვაქვს ,,ოლიმპთან’’ და მაქსიმალურად
ვემზადებით ამ მატჩისთვის.
ვასილ სომხიშვილი(,,აკადემიის’’ მწვრთნელი):
სამწუხაროდ, 4 ტრავმირებული მოთამაშე გვყავს,
8 კაცით მოტივაციაც ნაკლები გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ მეოთხედში ვიბრძოლეთ,
მეორე ნახევარში ძალა აღარ გვეყო.