შედეგებიგალერეასაქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩებს
უმასპინძლა დღეს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ. ისე გამოვიდა, რომ ტურნირის ექვსივე
გუნდმა ითამაშა და სამმა მათგანმა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს.
ყველაზე იოლად სოხუმელებმა იმარჯვეს. თემურ კანკიას
გაწვრთნილმა გუნდმა „რუსთავს“ შანსი არ დაუტოვა და 40-ქულიანი მარცხი აგემა –
89:49. „სოხუმს“ მძლავრი შემადგენლობა ჰყავს და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი
ფავორიტია. რუსთაველებს კი გუნდი ძირითადად 17-19 წლის მოზარდებით ჰყავთ დაკომპლექტებული.
ასეთი დიდი სხვაობა ჩაგდებულმა ბოლო მეოთხედმა განაპირობა,
მანამდე კი რუსთაველები მეტ-ნაკლებად უძალიანდებოდნენ სოხუმელებს. პირველი პერიოდი
კანკიას გუნდმა 10 ქულით მოიგო, ხოლო მომდევნო 2 პერიოდში უპირატესობა მხოლოდ 2 ქულით
გაზარდა. „სოხუმმა“ გუნდური
თამაშის წყალობით მეოთხედი 26:8 მოიგო და 40-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა.
გამარჯვებულთაგან ორმა მოთამაშემ ორმაგი დუბლი მიითვალა.
მამუკა ბაზუაშვილმა 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ვასილ კუტალაძემ თავი 15 ქულასა
და 12 მოხსნას მოუყარა. დავით ლომიძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 პასი დაგროვდა. ქვემო
ქართლურ გუნდში 21 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო ირაკლი წიქარიშვილი გახლდათ.
17-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა „ვითამ“, რომელმაც „მაკაბის“
წინააღმდეგობა დაძლია. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილი გუნდი ვითელებს ლიდერობას არ ანებებდა,
თუმცა პირველი პერიოდის ბოლოს ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 20:17 დაწინაურდა.
მეორე მეოთხედში „ვითამ“ ლიდერობა 11 ქულამდე გაზარდეს. გადამწყვეტი ბოლო ათწუთეული
გამოდგა, რომელიც ვითელებმა 24:14 მოიგეს და საბოლოოდ 91:74 იმარჯვეს.
„ვითას“ შემადგენლობაში ორმა მოთამაშემ ორმაგი დუბლი
მოაგროვა. ლუკა გიორგაძემ თავი 18 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა, გიორგი კორსანტიას
ანგარიშზე კი 14 ქულა და 20 მოხსნა დაგროვდა. 18 ქულა ჰქონდა ანრი რუხაძეს, ხოლო
16 – ნიკა ჭიჭვეიშვილს.
დღის ბოლო, მესამე მატჩში სტუმრებმა იმარჯვეს. ერთმანეთს
„აკადემია“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ და მატჩი
იმერული კლუბის იოლი გამარჯვებით – 85:68 დასრულდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა
შეხვედრა 6:0 გაქცევით კი დაიწყეს, თუმცა ქუთაისელებმა თამაშის სადავეები მალევე მოიხელთეს
და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ.
სტუმართა ლიდერობას მხოლოდ ერთხელ, ბოლო პერიოდში დაემუქრა
საფრთხე, როცა აკადემიელებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე (59:66) შეამცირეს, თუმცა ლადო ფურცხვანიძის
შედეგიანობით „ქუთაისმა“ ხელჩასაჭიდი ლიდერობა აღიდგინა და საბოლოოდ გამარჯვებამდე
მივიდა. იმერულ გუნდში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა ლადო ფურცხვანიძეს, რომელმაც
30 ქულასთან ერთად ბოლო წლების სარეკორდო 26 მოხსნა მოაგროვა. ფურცხვანიძეს 13 ქულით
დემეტრე ნანობაშვილი შეეშველა. აკადემიელთაგან 19 ქულით საუკეთესო შედეგი გიორგი თევდორაშვილმა
დააფიქსირა.
მომდევნო ტურის მატჩები 17 ნოემბერს გაიმართება.
მაქაბი – ვითა 74:91
სოხუმი – რუსთავი 89:49
აკადემია – ქუთაისი 68:85