სტატისტიკა
გალერეა
პლეი ოფის ოთხივე
მონაწილე ცნობილია. დღეს, სპორტის სასახლეში გამართულმა მატჩმა ბოლო მეოთხედფინალისტი
გამოავლინა. პლეი ოფის საგზურს “რუსთავი” და “ოლიმპი” ეცილებოდნენ.
ქვემოქართლური
გუნდი 1 ქულით ჩამორჩებოდა “ოლიმპს”, თუმცა მხოლოდ გამარჯვება არ ჰყოფნიდა.
რუსთაველებს მინიმუმ 8 ქულით უნდა ემარჯვათ, რეგულარული ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე
რომ დაესრულებინათ.
ირაკლი ჯაფარიძის
და მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა “რუსთავმა” მატჩი შედეგიანად დაიწყო და
პირველ მეოთხედში სასურველი, 8-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა საქმე ამ ლიდერობის
შენარჩუნება იყო. ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თამაში დაალაგეს და ჩამორჩენის
გაბათილებას მიჰყვეს ხელი.
პირველი მეოთხედი
რუსთაველებმა 15:12 მოიგეს, რაც ქვემოქართლური გუნდისთვის მაქსიმუმი აღმოჩნდა. მეორე
პერიოდიდან “ოლიმპის” მოთამაშეებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და პერიოდის
25:10 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
მესამე მეოთხედში
ოლიმპელებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და თამაში ისე ჩაამთავრეს, საკუთარი უპირატესობა
ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. საბოლოოდ ცაგარეიშვილის გუნდმა 84:59 მოიგო და რეგულარული
ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
“ოლიმპში” 17 ქულით ბობარდირი ნოდარ გოგოძე გახდა, ხოლო თემურ ფხაკაძემ შეხვედრა
ორმაგი დუბლით – 11 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. რუსთაველებში მხოლოდ დიმიტრი ჩიჩუა
ასცდა ათქულიან ზღვარს, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.
პლეი ოფში გუნდები
შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “შსს-აკადემია” – “ოლიმპი”, “ჰიუნდაი”-
“ქუთაისი”. ნახევარფინალური, ისევე როგორც ფინალური სერია, 2 მოგებამდე გაგრძელდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
თავიდან ბიჭები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ იყვნენ სათანადო ფორმაში, თუმცა ახლა
სრული შემადგენლობა შევიკრიბეთ. დღეს, ვფიქრობ, ლოგიკური შედეგით დასრულდა შეხვედრა
და უკვე მოვემზადებით პლეი ოფისთვის.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მწვრთნელი): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, დამსახურებულად გავიდნენ ფინალში. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რაც გვინდოდა, ამ შეხვედრამაც გამოაჩინა, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს.