,,ქუთაისის’’ დრამატული გამარჯვება ,,ჰიუნდაისთან’’ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,ქუთაისის’’ დრამატული გამარჯვება ,,ჰიუნდაისთან’’ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა

20-წლამდელთა
ერთი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ,,ჰიუნდაის’’ უმასპინძლა
და 85:83 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრა
საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ბოლო წამებამდე უცნობი იყო, ვინ გაიმარჯვებდა. ,,ჰიუნდაიმ’’,
რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე ლიდერი მოთამაშე აკლია, პირველი მეოთხედის 16:11 წაგების
შემდეგ თამაშის გამოსწორება და დიდი შესვენებისთვის გალიდერებაც მოახერხა –
34:31.  
მესამე პერიოდში თანაბარი ბრძოლა წარიმართა.
დასკვნითი მეოთხედი ,,ჰიუნდაის’’ 6-ქულიანი უპირატესობით განახლდა, თუმცა მასპინძლებმა
ბოლო ათწუთეული უკეთ ჩაატარეს. ქუთაისლებმა არა მხოლოდ ჩამორჩენა გააბათილეს, არამედ
თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 5 ქულით დაწინაურდნენ – 83:78. ბოლქვაძის მე-5
ზუსტმა სამქულიანმა და ბულიავას ფარქვეშ აქტიურობამ 34 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა.
თამაშის დამთავრებმადე 13 წამი რჩებოდა, როცა ჯერ გამრეკლიძის, ხოლო შემდეგ ცირეკიძის
საჯარიმოებმა ქუთაისი გამარჯვებასთან მიაახლოვეს – 85:83. ალექსანდრე ბოლვაძეს თამაშის
გადარჩენის შანსი ჰქონდა,თუმცა მისი შესვლა არაზუსტი აღმოჩნდა და მასპინძლებმაც რიგით
მე-5 გამარჯვება მოიპოვეს.

ქუთაისლებს
ლევან გრძელიძემ ულიდერა, რომელმაც 25 ქულას 10 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა მიამატა.
22 ქულა ჰქონდა უჩა გამრეკლიძეს, ხოლო გიორგი ცირეკიძემ შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ორივე
გუნდის რიგებში საუკეთესო იყო სანდრო ბოლქვაძე, რომელსაც სეზონის რეკორდის გამეორებამდე
1 ქულა დააკლდა. ბოლქვაძის ანგარიშზე 39 ქულა და 8 პასია.  გუნდს 23 ქულით დაუბრუნდა კახა ტომარაძე. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
კობა კირთაძე
(“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული
შეხვედრა იყო, თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ჩვენს ბიჭებს დღეს მობილიზება აკლდათ,
ფიქრობდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდენენ და ზედმეტი თავდაჯერების გამო სათანადოდ
ვერ იაპარეზეს. ამასთან დღეს ლევან გრძელიძე ფეხნატკენი  ასპარეზობდა, ხოლო გიორგი  ცირეკიძე სიცხიანი იყო.  “ჰიუნდაიმ” შესანიშნავად იასპარეზა და
მადლობა მეტოქეს ასეთი კარგი თამაშისთვის. მათ რიგებში კახა ტომარაძეს და სანდრო ბოლქვაძეს
გამოვარჩევდი, რომლებმაც არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარეს.

ნიკო ჩერქეზიშვილი
(“ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი): ადრე აღვნიშნე
და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ “ქუთაისი” საჩემპიონი გუნდია, რომელსაც წინააღმდეგობა
ნახევარი ძალით გავუწიეთ. გუნდს დაუბრუნდა ტრავმირებული მოთამაშე კახა ტომარაძე, რომელიც
ჯერ მთლიანად ვერ იტვირთება, თუმცა მისი შემოერთება ბიჭებისთვის დიდი სტიმული იყო.
კარგად ვიასპარეზეთ დაცვაში, რის ხარჯზეც თითქმის მთელ თამაშს ვაკონტროლებდით. კმაყოფილი
ვარ ბიჭების თამაშით და დღევანდელი შეხვედრით.