სტატისტიკა
გალერეა
ძალიან დაძაბული
გამოდგა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელშიც
ერთმანეთს რეგულარულში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული “ჰიუნდაი” და
“ქუთაისი” ხვდებოდნენ.
მოედნის უპირატესობა
მე-2-ზე გასულ “ჰიუნდაის” აქვს და, შესაბამისად, პირველ მატჩს თბილისმა უმასპინძლა.
საკალათბურთო აკადემიაში გამართული შეხვედრა მეტად დაძაბული და ემოციური იყო. მატჩის
ბედი დამატებით დროში, სტუმრების სასარგებლოდ გადაწყდა. ქუთაისლებმა ოვერტაიმის ბოლო
წუთზე მეტი სიზუსტე და მონდომება გამოავლინეს, რითაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს
და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
მატჩის დასაწყისში
“ჰიუნდაი” უკეთესად ირჯებოდა. ლუკა ზაქრაძის და კახა ტომარაძის სამქულიანებით
“ჰიუნდაი” 10 ქულით დაწინაურდა – 14:4. საწყისი მეოთხედის მეორე ნახევარში
ქუთაისლებმა თამაში გამოასწორეს – ფარქვეშ გამაგრდნენ და პერიმეტრზეც უფრო სწრაფად
ათამაშდნენ. ლევან გრძელიძის, გიორგი ცირეკიძის და უჩა გამრეკლიძის შედეგიანობის წყალობით
იმერულმა კლუბმა ჩამორჩენა გააბათილა და პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგო – 21:23.
ამის შემდეგ თანაბარი
თამაში წავიდა. ლიდერი ხშირად იცვლებოდა და დიდი შესვენებისთვის კვლავ მასპინძლები
დაწინაურდნენ – 46:44. მესამე ათწუთეულში არაფერი გარკვეულა, ქუთაისლებმა პერიოდი
16:12 მოიგეს და ბოლო შესვენებაზე უკვე თავად დაწინაურდნენ 2 ქულით. მატჩის ბოლო წუთზეც
ანგარიში ფრე იყო, როცა უჩა გამრეკლიძემ 2-ქულიანი ჩააგდო და სტუმრები 74:72 დააწინაურა.
ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წამით ადრე სანდრო სანაძემ გამთანაბრებელი ორქულიანი
ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით 5-წუთეულშიც
თანაბარი ბრძოლა იყო, სანამ ბოლო წუთი არ დაიწყო. გადამწყვეტ მომენტში, როცა ანგარიში
82:82 იყო, ჰიუნდაელებს მიზანმა უმტყუნა, თან რამდენჯერმე ბურთიც დაკარგეს და მატჩის
გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ, ქუთაისლებმა 88:82 მოიგეს და სერიაში დაწინაურდნენ.
ფინალში გასასვლელად ქუთაისლებს 1 მოგებაღა აკლიათ, “ჰიუნდაიმ” კი მოედნის
უპირატესობა დაკარგა და ფინალში რომ გავიდეს, ზედიზედ 2 მატჩი უნდა მოიგოს.
გამარჯვებულებს
23 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, 22 ქულითა და 22 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა
გიორგი ცირეკიძემ, უჩა გამრეკლიძის ანგარიშზე კი 21 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
“ჰიუნდაიში” 29 ქულით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა, 22 ქულა დააგროვა სანაძემ,
კახა გიორგაძის ანგარიძე კი 18 ქულა დაგროვდა.
ნახევარფინალური
სერიის მეორე შეხვედრა 6 აპრილს, ქუთაისში 17:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი („ჰიუნდაის“ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ
„ქუთაისს“ დამსახურებულ გამარჯვებას.
ამ გუნდში მწვრთნელთა შტაბი და ყველა
მოთამაშე ღირსეული ქუთაისელია.
შოთა ჯავახიშვილი („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი):
ამ თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ძალიან გამოცდილი და ძლიერი მეტოქე დაამარცხეს. სერიის
განმეორებითი მატჩი ქუთაისში გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ ფინალური საგზურის მოსაპოვებლად.
სანდრო სანაძე(,,ჰიუნდაი’’): საკმაოდ დაძაბული
თამაში გამოვიდა. გვაკლდა გუნდის ლიდერი სანდრო ბოლქვაძე, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქუთაისში გავიმარჯვოთ და მესამე შეხვედრისთვის,
იმედია, სანდროც დაგვიბრუნდება.
ლევან გრძელიძე(,,ქუთაისი’’): პირველ რიგში,
მინდა მადლობა გადავუხადო ,,ჰიუნდაის’’ ასეთი საინტერესო და სანახაობრივი თამაშისთვის.
ბოლომდე ვიბრძოლეთ და ოვერტაიმში გავიმარჯვეთ. ველოდებით მეტოქეს ქუთაისში, სადაც,
დარწმუნებული ვარ, არანაკლებ დაძაბული შეხვედრა იქნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ ფინალში
გასასვლელად.