რუსთავის საპლეიოფო შანსი

რუსთავის საპლეიოფო შანსი

20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგ ტურს ტრადიციულად საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
პირველ მატჩში ერთმანეთს ლიდერთა შორის მყოფი „სოხუმი“ და პლეი-ოფს მიღმა
დარჩენილი „ჰიუნდაი“ შეხვდნენ. 

ფავორიტად
მიჩნეულმა სოხუმელებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს – 92:72.

ჰიუნდაელებმა მეტოქეს პირველი მეოთხედი 2 ქულით მოუგეს, რის შემდეგაც
სოხუმელებმა თამაში დაალაგეს და დიდი შესვენებისთვის 47:42 დაწინაურდნენ. მეორე
ტაიმში ზღვისპირელებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და თამაში ისე
ჩაამთავრეს, მეტოქისთვის წარმატების შანსი არ მიუციათ.

გამარჯვებულთაგან 10-ქულიანი ზღვარი 6-მა კალათბურთელმა დაძლია,
რომელთა შორისაც საუკეთესო 18 ქულით დავით გაფრინდაშვილი იყო. 11 ქულა და 13
მოხსნა ჰქონდა ჯაბა არაბულს, ხოლო ოთო ბულიავამ პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.
„ჰიუნდაიში“ 24 ქულით გუგა ძიძიგური გამოირჩა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 16ქულა
დაგროვდა.
სოხუმი – ჰიუნდაი  92:72

 თუკი ბოლო ადგილზე მყოფ „ჰიუნდაის“ პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული
აქვს, ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის მე-5-ზე მყოფი „რუსთავი“, რომელმაც დღეს
ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. 6-გუნდიანი რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე
ბევრი არაფერია დარჩენილი – „ოლიმპს“ პლეი ოფი განაღდებული აქვს, თუ სასწაული არ
მოხდა, „სოხუმი“ და „შსს-აკადემიაც“ მოიპოვებენ ოთხეულში ადგილს, ხოლო პლეი-ოფის
ბოლო საგზურისთვის „დინამო“ და „რუსთავი“ იბრძვიან. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ
დღეს ერთმანეთს. ქვემოქართლელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს და მე-4-ზე
მყოფ დინამოელებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე
რუსთაველები მხოლოდ 2 ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში მეტი მობილიზება
და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს. რუსთაველების გამარჯვებაში განსაკუთრებული
წვლილი  შეიტანა ერეკლე ლორთქიფანიძემ,
რომელმაც 13-დან 7 სამიანი გამოიყენა,მთლიანობაში კი 33 ქულა შესძინა გუნდს. 13
ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა შოთა ნარჩომაშვილმა, თორნიკე
ქიტოშვილმა კი 13 ქულას  8 შედეგიანი
გადაცემაც მიუმატა. დინამოელებს ვერ უშველა შოთა გელაზონიას 26-მა მოხსნამ. ფარის
მოგებით თბილისელებმა მთლიანად მატჩი ვერ მოიგეს. დინამოელთა შორის საუკეთესო ბექა
ღუდუშაური იყო 16ქულით, ორმაგი დუბლი ჰქონდა შოთა გელაზონიას – 14ქულა,26მოხსნა, ზეზვა
ლილუაშვილმა კი 12ქულა მიითვალა.
დინამო – რუსთავი  60:68

 დღის ბოლო შეხვედრა საინტერესო გამოდგა იმ კუთხით, რომ გათამაშების
ლიდერმა „ოლიმპმა“ „შსს-აკადემიასთან“ მატჩი უხეიროდ დაიწყო, თუმცა მალე იმდენად
შედეგიანად ათამაშდა, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. აკადემიელები   მე-6 წუთისთვის 17:4 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც
ოლიმპელებმა თამაში გამოასწორეს და პირველი მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 2 ქულამდე
შეამცირეს – 15:17.

დიმიტრი ჟაკობოვის გუნდმა შედეგიანად თამაში მეორე მეოთხედშიც
გააგრძელა. ირაკლი მიქელაძემ 4 ზუსტი სამქულიანით გუნდს ლიდერობა მოუპოვა. ოლიმპმა
მიქელაძის, ლობჟანიძისა და გოგოძის შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით  20-ქულიანი გაქცევა მოაწყო (37:20)  ,მეორე მეოთხედი  29:5 მოიგო და დიდ შესვენებაზე ორმაგი
უპირატესობით გავიდა – 44:22. მეორე ტაიმში აკადემიელთა ყველა მცდელობა ამაო
გამოდგა. მაქსიმუმი, რაც „შსს-აკადემიამ“ შეძლო, ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება
იყო. საბოლოოდ „ოლიმპმა“ 75:62 იმარჯვა და პირველი ადგილი განიმტკიცა.

24 ქულით ოლიმპელებს ირაკლი მიქელაძემ ულიდერა, 13 ქულა მოაგროვა საბა
ლობჟანიძემ, ხოლო გიორგი ცირეკიძემ 12 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
„შსს-აკადემიაში“ 29 ქულა ჰქონდა ლევან გორდულაძეს, ლევან ლოლიშვილმა კი შეხვედრა
15 ქულით დაასრულა.
ოლიმპი – შსს აკადემია 75:62