„რუსთავისა“ და
„ოლიმპის“ ნახევარფინალურ სერიაში მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ქვემოქართლელებმა,
რომლებმაც 2 დღის წინ თბილისში 3 ქულით წააგეს, დღეს „ოლიმპი“ დამაჯერებლად დაამარცხეს
და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.
რამაზ გოგობერიშვილის
გუნდმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა. რუსთაველები სწრაფ შეტევებს და სროლებს
ერთმანეთს კარგად უთავსებდნენ. გიორგი დვალი და ერეკლე ლორთქიფანიძე შორიდან, ხოლო
გიორგი ოქროჭელიძე და შოთა ნარჩომაშვილი სამწამიანიდან შედეგიანად უტევდნენ და პირველივე
მეოთხედში მასპინძლებმა 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 29:16.
მეორე მეოთხედში
თბილისელები თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ, მაგრამ მათმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა
თემურ ფხაკაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მის ნაცვლად მოედანზე მყოფი ვალერი
ბიჭაშვილი ხშირად აცილებდა, ხოლო შორი სროლები ოლიმპელებს არ წაუვიდათ.
მესამე მეოთხედი
მასპინძლების 12-ქულიანი უპირატესობით განახლდა, თუმცა ლორთქიფანიძის ზუსტი 2 სამქულიანის
შემდეგ რუსთაველები 18 ქულით დაწინაურდნენ. ოლიმპელებმა გაიბრძოლეს, სწრაფი შეტევებითა
და ზუსტი საჯარიმოებით ბოლო ათწუთეულის დასაწყისისთვის ჩამორჩენა კვლავ 12 ქულამდე
შეამცირეს. ბოლო მეოთხედში თბილისელები მეტოქეს შორს არ უშვებდნენ, რითაც თამაშს ინტრიგა
ბოლომდე შეუნარჩუნეს. ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გადაწყდა, როცა რუსთაველებმა
წარმატებით გაართვეს თავი დაცვაში თამაშს და ოლიმპელთა შტურმი მოიგერიეს. საბა ლობჟანიძისა და ირაკლი მიქელაძის
მცდელობა, რამე შეეცვალათ, უშედეგოდ დასრულდა.
საბოლოოდ, რუსთაველებმა
6 ქულის სხვაობით – 84:78 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. მასპინძელთაგან
23 ქულით ბომბარდირი ერეკლე ლორთქიფანიძე გადა, რომელმაც ოლიმპელებს 5 სამქულიანი ჩაუგდო.
17 ქულა ჰქონდა გიორგი დვალს, ხოლო ლევან ურიდიამ შეხვედრა 16 ქულითა და 15 მოხსნით
დაასრულა. ორმაგი დუბლი მიითვალაგიორგი ოქროჭელიძემაც – 10 ქულა, 12 მოხსნა. ოლიმპელთაგან
27 ქულით საუკეთესო საბა ლობჟანიძე გახლდათ, 12 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა გიორგი ცირეკიძეს,
ირაკლი მიქელაძემ კი პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა.
ნახევარფინალური
სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 6 აპრილს, თბილისში გაიმართება.
რამაზ გოგობერიშვილი(რუსთავი): მიუხედავად იმისა, რომ მთელი
თამაში ვიგებდით, ძალიან რთული შეხვედრა იყო. ერთ ეპიზოდში უპირატესობა 18 ქულამდე
გავზარდეთ, მაგრამ მეტოქემ მაინც არ მოგვცა მოდუნების საშუალება. ბოლომდე ბრძოლა გაგრძელდა
და საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ. ბიჭებმა დავალება
კარგად შეასრულეს და ამის ხარჯზე მოვიგეთ. წინ მესამე მატჩია და გაიმარჯვებს ის, რომელიც
ფსიქოლოგიურად უკეთესად იქნება მზად.
დიმიტრი ჟაკობოვი(ოლიმპი): მადლობა მეტოქე
გუნდს კარგი თამაშისთვის და ვულოცავ მათ გამარჯვებას. ჩვენ ვერ გავუწიეთ მეტოქეს სათანადო
წინააღმდეგობა და დასაწყისშივე მივეცით წინ გასვლის საშუალება. დავუშვით ბევრი შეცდომა,
ნაადრევად და მოუმზადებლად ვუტევდით, ბურთებსაც ხშირად ვკარგავდით. ყველაფერმა ამან
ლოგიკური გავლენა იქონია შედეგზე. ვუყურებთ მატჩის ვიდეო-ფირს, გავაანალიზებთ შეცდომებს
და ვეცდებით, მესამე მატჩში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ“.
გიორგი ოქროჭელიძე(რუსთავი): დაძაბული მატჩი
იყო და გუნდური თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია და ახლა
ყველაფერი მესამე შეხვედრაში გადაწყდება. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის“.
საბა ლობჟანიძე(ოლიმპი): წაგების ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი დაცვაში სუსტი თამაშია. ვერ მოვახერხეთ რუსთაველების შეჩერება და დავმარცხდით.
იმედი მაქვს, დღეს დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და თბილისში გასამართ მესამე,
გადამწყვეტ მატჩში გავიმარჯვებთ.
რუსთავი – ოლიმპი 84:78