სტატისტიკა
გალერეა
რუთავში 2-მატჩიანი ტურნეს გასამართად ქუთაისის 20-წლამდელთა
გუნდი ჩამოვიდა. კობა კირთაძის გაწვრთნილი ქუთაისელები 7 და 8 თებერვალს “რუსთავთან”
2 მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა – რუთაველმა 20-წლამდელებმა გამარჯვება
იზეიმეს. კირთაძის გაწვრთნილი გუნდი რუსთავში დაძაბულ ბრძოლაში – 68:70 დამარცხდა.
ქვემოქართლელებმა წარმატებით გააგრძელეს სუპერლიგის გუნდის ტრადიცია, რომელმაც
“ქუთაისს” დღეს 87:81 მოუგო.
მასპინძლებმა ტაქტიკურად კარგად ითამაშეს. ქუთაისელ
ტანმაღალ მოთამაშეებს ფარქვეშ სივრცეები შეუზღუდეს, უკანა ხაზში კი რუსთაველებს ზოგადად
არ უჭირთ – გიორგი დვალის, გიგი გოგობერიშვილის და ნუგზარ ტაბაღუას სისწრაფის ხარჯზე
ნებისმიერ მეტოქეს უძალიანდებიან და თუ ამ მოთამაშეებს სროლებიც წაუვიდათ, რუსთაველების
შეჩერება ურთულესია.
სწორედ ამ დილემის წინაშე დადგა “ქუთაისი”,
რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა მასპინძლების ჩამოტოვებას, თუმცა ხსენებული
მოთამაშეების ყოჩაღი გარჯის წყალობით ირაკლი ჯაფარიძის გაწვრთნილი რუსთაველები ლიდერობას
წარმატებით ინარჩუნებდნენ. ბოლო მეოთხედში, როცა თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა,
სტუმრებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, რასაც რუსთაველთა მწვრთნელის საჭირო წუთშესვენება
მოჰყვა. მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა რამდენიმე საჭირო ბურთი ჩააგდეს, ხელჩასაჭიდი
ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ.
დიდი სამუშაო გასწია სამწამიან ზონაში ლევან ურიდიამ,
რომელმაც 10 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ურიდიას გვერდში ედგა გიორგი ტურძელაძე, რომელმაც
შეხვედრა 8 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. ბომბარდირი გამოცდილი გიორგი დვალი გახდა
20 ქულით, გიგი გოგობერიშვილმა კი რუსთაველებს 9 ქულა შესძინა. “ქუთაისში”
ლევან გრძელიძე გამოირჩა 23 ქულით. 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ირაკლი მაცაბერიძემ,
დავით მაჭარაძეს
კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა.
ამ გუნდების მორიგი შეხვედრა რუსთავში ხვალ, 12 საათზე
გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
კობა კირთაძე,
“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:
ქუთაისიდან დღეს, დილის 10 საათზე გამოვედით და მასპინძელთა
საკმაოდ ძლიერ გუნდთან თამაში დაღლილებს მოგვიწია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ რიგი მიზეზების
გამო გუნდმა შეკრება ვერ გაიარა და მოთამაშეთა უმეტესობა სათანადო ფორმაში არაა. მეტოქემ
კარგად ითამაშა და სიმაღლეში უპირატესობა არ გამოგვაყენებინა. პირველ ტაიმში მეტოქემ
ჩვენზე 10 მოხსნით მეტი გააკეთა, რაც ჩვენი გუნდისთვის წაგების ტოლფასია. ვეცდებით,
ხვალინდელ მატჩში იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ.
ირაკლი ჯაფარიძე,
რუსთავის მთავარი მწვრთნელი:
ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ბიჭებმა მოედანზე გული
დადეს და ეს შედეგითაც დაუფასდათ. ბოლო წუთებზე წაგების რეალური საფრთხის წინაშე დავდექით,
მაგრამ ბიჭებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს. რამდენიმე საჭირო ბურთი ჩავაგდეთ და
გამარჯვებამდე მივედით.