საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ახლოვდება 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის B დივიზიონსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს. ტურნირში ევროპის 19 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს და ის სტარტს 15 ივლისიდან აიღებს. თამაშები ჩატარდება ახალაშენებულ “თბილისი არენაზე” და მასთან დაკავშირებულ ოლიმპიურ სასახლეში. 

საქართველოს ნაკრები თბილისში გასამართ ტურნირისთვის საფუძვლიანად ემზადება. ჩვენმა ნაკრებმა შეკრებები გაიარა რაჭაში, საბერძნეთში, ახლა კი თურქეთში, თურგუთ ატაკოლის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება. ეს გახლავთ ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 25-ედ ტარდება და წლეულს მასში საქართველო, საბერძნეთი, ნიდერლანდები და თურქეთი მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი მასპინძლებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:77 (სტატისტიკა) დამარცხდა. პირველი ნახევარი ქართველებმა 14 ქულის სხვაობით – 40:26 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში თურქეთმა 26:6 იძალა და დაწინაურდა. თანაბარი თამაში ბოლო წუთებამდე გაგრძელდა და საბოლოოდ მასპინძლებმა 5-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ლუკა ლიკლიკაძემ დააგროვა, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.