ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო მატჩი უნგრეთთან წააგო. მას შემდეგ, რაც ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ვერ მოხვდა, საქართველოს ნაკრები 9-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთო. პირველი მეტოქე უნგრეთი გახლდათ, რომელთან მატჩიც საქართველომ 54:65 დათმო და 13-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, დიმიტრი ჯაკობოვისა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე ალბანეთი იქნება, რომელიც დღეს მაკედონიასთან 69:77 დამარცხდა. თუკი ალბანეთს მოუგებს, საქართველოს ნაკრები ევროჩემპიონატის B დივიზიონს მე-13 ადგილისთვის მატჩით დაასრულებს, წაგების შემთხვევაში კი დასკვნით შეხვედრაში მე-15 ადგილისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება უნგრეთთან მატჩს, ჩვენიანებს ტრავმების გამო 2 წამყვანი მოთამაშე – სანდრო მამუკელაშვილი და ლადო ფურცხვანიძე აკლდათ. ასეთ ვითარებაში მეტი სათამაშო დრო დაეთმოთ გიორგი კორსანტიას და ალექსანდრე ფევაძეს, რომლებსაც ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ მოგებამდე ქართველები მაინც ვერ მივიდნენ. საქართველოს ნაკრებმა ყველა პერიოდი მცირედით, თუმცა მაინც წააგო და საბოლოოდ 11-ქულიანი მარცხი განიცადა.
ჩვენს გუნდში 15 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. ნიკა დარბაიძემ 7 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 6 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოსა და ალბანეთის საკვალიფიკაციო მატჩი 21 ივლისს, თბილისის დროით 14:45 საათზე გაიმართება.
საქართველო – უნგრეთი
სტატისტიკა: 54:65