სტატისტიკა
გალერეა
საინტერესო მატჩით დასრულდა 20-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი სათამაშო დღე. ერთმანეთის პირისპირ გათამაშების ლიდერი “შსს-აკადემია”
და ერთ-ერთი ფავორიტი, დაკარგული ქულების მხრივ მეორე ადგილზე მყოფი “ოლიმპი”
შეხვდნენ. ბოლო მეოთხედამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა
შსს-ელებმა საჭირო მომენტში მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.
პირველ ტაიმში ძირითადად “ოლიმპი” ლიდერობდა,
რომელმაც საწყისი პერიოდი 22:19 მოიგო და მწობრი დაცვის ხარჯზე შსს-ს შეტევებს აკავებდა.
ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილ ოლიმპელებს ფარქვეშ სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, რაც
საბოლოოდ 16-ით მეტი მოხნილი ბურთით გამოიხატა.
“შსს-აკადემიმ” პირველი ტაიმის ბოლოს ინიციატივა
მოიპოვა, რაც უკანა ხაზის სწრაფი და ზუსტი მოქმედების დამსახურება იყო. უკანახაზელთა
აქტიურობა შსს-ელთა მეფარეებს – შოთა გელაზონიას და ლერი კვანტალიანსაც გადაედოთ. შედეგად,
აკადემიელებმა დიდი შესვენებისთვის 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 33:28.
მესამე მეოთხედი შსს-ელთა ლიდერობით განახლდა, თუმცა
ოლიმპელები მეტოქეს ტოლს არ უდენდნენ და მე-3 პერიოდის შუაწელში დაწინაურდნენ კიდეც
– 41:40. საჭირო მომენტში ჩააგდო 2 სამქულიანი ერეკლე ლორთქიფანიძემ, რის შემდეგაც
“შსს-აკადემია” 48:43 დაწინაურდა და ამის შემდეგ ლიდერობა აღარც დაუთმია.
“ოლიმპი” ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა მოგების შანსს, მაგრამ აკადემიელებმა
დამაჯერებელი თამაშით გამარჯვებამდე მივიდნენ – 67:59.
“შსს-აკადემიას” 18 ქულითა და 10 მოხსნით
ლერი კვანტალიანმა ულიდერა, ხოლო გელაზონიას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. ერეკლე ლორთქიფანიძე
გამარჯვებულებს 14 ქულით შეეწია. “ოლიმპში” კი 19 ქულით ნოდარ გოგოძე იყო
საუკეთესო, 14 ქულა ჰქონდა თემურ ფხაკაძეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გიორგი ნიკოლაძე
(შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): დღეს ჩემი პირველი
თამაში იყო მთავარი მწვრთნელის რანგში, 2 დღეა რაც ამ ამპლუაში ვარ და გუნდის კარგად
მომზადება ვერ მოვასწარი. მართალია მოვიგეთ,
თუმცა ბევრი ხარვეზები გვაქვს გამოსასწორებელი. დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ
უფრო მეტი დისციპლინაა საჭირო.
ზაზა ცაგარეიშვილი
(ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): ნამდვილად კარგი თამაში იყო, ვულოცავ
შსს აკადემიის გუნდს დღევანდელ გამარჯვებას. რაც შეეხება ოლიმპს, გადამწყვეტ მომენტში
ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ ეს შეუთამაშებლობის ბრალია. ირაკლი მიქელაძე და ნოდარ
გოგოძე დღეს პირველად იდგნენ მოედანზე ერთად და აშკარად აკლდათ შეთამაშება. ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ ის პოტენციალი, რაც გააჩნიათ
ბოლომდე ვერ გამოავლინეს. იმედია გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.