სტატისტიკა
გალერეა
მიმდინარე წლის ბოლო მატჩი გაიმართა 20-წლამდელთა ჩემპიონატში.
გათამაშების ლიდერმა “შსს-აკადემიამ” რუსთავში ადგილობრივი გუნდი დაამარცხა
და ახალ წელს ლიდერის რანგში ხვდება.
გიორგი ნიკოლაძის გუნდს გამარჯვების მოპოვება საბოლოო
ჯამში არ გასჭირვებია, თუმცა პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. 16 წლის
გიორგი ტურძელაძის აქტიურობითა და გიორგი დვალის მოწადინებით რუსთაველები მეტოქეს ტოლს
არ უდებდნენ და მეორე მეოთხედის ბოლომდე უძალიანდებოდნენ. პირველი მეოთხედი 15:15 დასრულდა,
მეორეში კი სტუმრებმა იძალეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ –
41:34.
გარდამტეხი აღმოჩნდა მე-3 პერიოდი, რომელიც “შსს-აკადემიამ”
14:6 მოიგო და მასპინძელთა წინააღმდეგობაც გატეხა. ბოლო პერიოდში სტუმართა უპირატესობამ
20 ქულას მიაღწია და ორივე გუნდმა მოედანზე სათადარიგოებს უხმო, რომლებმაც ინტრიგადაკარგული
მატჩი დასასრულამდე მიიყვანეს.
“შსს-აკადემიამ” საბოლოოდ 72:56 იმარჯვა და
ჩემპიონატში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. აკადემიელებმა გუნდურად ითამაშეს, გამოკვეთილად
გამორჩეული სტატისტიკა არავის ჰქონია. ბომბარდირი 13 ქულით თორნიკე ქიტოშვილი გახდა, რომელიც თანაგუნდელ ირაკლი ლორთქიფანიძესთან ერთად მიმდინარე სეზონამდე სხვადასხვა ასაკობრივ
დონეზე “რუსთავის” ღირსებას იცავდა. 11-11 ქულა-მოხსნა დააგროვა ლერი კვანტალიანმა,
ხოლო შოთა გელაზონიამ აკადემიელებს 10 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
ირაკლი ჯაფარიძე,
“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
მიმდინარე სეზონში აქცენტი შედეგზე არ გვაქვს. გუნდის
უმეტესობას 16-17 წლის ბიჭები შეადგენენ და ამ ჩემპიონატში გამოსვლის მიზეზი უპირველეს
ყოვლისა მათი განვითარებაა. მიმდინარე სეზონში ჩვენმა ბიჭებმა 3 გამარჯვება მოიპოვეს,
“ოლიმპთან” თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ და მთლიანობაში, შეიძლება ითქვას,
დასახულმა მიზანმა გაამართლა. ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას იღებენ 20-წლამდელებში
თამაშით.
გიორგი ნიკოლაძე,
“შსს-აკადემიას” მთავარი მწვრთნელი:
სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და მიმდინარე წელს პირველ
ადგილზე ვასრულებთ. დღევანდელი შეხვედრა არ ყოფილა იოლი. რუსთაველებმა დიდი წინააღმდეგობა
გაგვიწიეს და მესამე მეოთხედამდე არაფერი იყო გარკვეული. მეორე ტაიმში კარგი დაცვის
ხარჯზე მოვახერხეთ უპირატესობის მოპოვება, რომელიც თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ. მიმდინარე
სეზონში მხოლოდ 1 მარცხი გაგვაჩნია, “ჰიუნდაისთან” დასანანი წაგება რომ არა,
ახალ წელს წაუგებლად შევხვდებოდით.