სტატისტიკა
ქუთაისმა 20-წლამდელთა
ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლა. იმერეთის მთავარ ქალაქში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი,
“შსს-აკადემია” ჩავიდა, რომელმაც მასპინძლები ისე დაამარცხა, რომ შანსი არ
დაუტოვა.
აკადემიელებმა
გუნდურად, ერთიანი სულისკვეთებით ითამაშეს. ძნელია, რომელიმე კალათბურთელის გამორჩევა
– გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და 6-მა მათგანმა
10-ქულიანი ბარიერი დაძლია.
პირველი მეოთხედი
“შსს-აკადემიამ” 31:18 მოიგო, რითაც მასპინძლებს დაანახა, რომ მიუხედავად
რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის განაღდებისა, რამის დათმობას არ აპირებდა. დიდი
შესვენებისთვის არსებული 13-ქულიანი ლიდერობა აკადემიელებმა შეინარჩუნეს და მესამე
ათწუთეულში მატჩის ბედი გადაწყვიტეს. აღნიშნული პერიოდი ნიკოლაძის გუნდმა 25:16 მოიგო
და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 22 ქულით გალიდერდნენ.
ბოლო პერიოდი
ფორმალობა გამოდგა. ქუთაისელები მარცხს შეეგუვნენ და დასკვნით წუთებში სათადარიგო მოთამაშეებს
მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. საბოლოოდ, “შსს-აკადემიამ” 33 ქულის სხვაობით
– 100:67 გაიმარჯვა და მეოცე მატჩის თავზე მე-19 გამარჯვება მოიპოვა.
აკადემიელთაგან
ყველაზე მეტი – 17-17 ქულა – ლერი კვალტალიანმა და ლევან ლოლიშვილმა მოაგროვეს. 16
ქულა დაგროვდა შოთა გელაზონიას ანგარიშზე, ლევან გორდულაძემ კი თბილისელებს 13 ქულა
და 8 პასი მიაშველა. “ქუთაისში” 20 ქულით ლევან გრძელიძე გამოირჩა, 18 ქულა
და 11 მოხსნა გიორგი ცირეკიძის ანგარიშზეა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ქუთაისში ასეთი გამარჯვება მოულოდნელი იყო, ველოდით, რომ მეტოქე უკეთ ითამაშებდა. ჩვენმა
ბიჭებმა კი ძალიან კარგად იასპარეზეს, ყველა
დავალება ზუსტად შეასრულეს და მათი თამაშით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. თუმცა, მთავარი
ბრძოლები პლეი ოფში იწყება და ვემზადებით ნახევარფინალებისთვის.
კობა კირთაძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
ჩემი გუნდის ასეთი ცუდი თამაში არ მახსოვს, თავიანთ თავს არ გავდნენ, ვერავინ ითამაშა.
ეს იმის ბრალიცაა, რომ ზედიზედ ჩავატარეთ რამდენიმე თამაში და ბიჭები ვერ ასწრებენ
ძალების აღდგენას. ახლა პატარა შუალედი გვექნება და ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ.