სოხუმმა აკადემია დაამარცხა, მგზავრები-არმიამ კი მაკაბის მოუგო

სოხუმმა აკადემია დაამარცხა, მგზავრები-არმიამ კი მაკაბის მოუგო

20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 2 მატჩი გაიმართა. შეხვედრებს,
ტრადიციულად, საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „აკადემია“
მე-5 ადგილზე მყოფ „სოხუმთან“ დამარცხდა, ხოლო „მგზავრები-არმიამ“ აუტსაიდერ „მაკაბისთან“
დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

გელა წულაძის გაწვრთნილმა „აკადემიამ“ ლამის სენსაცია
მოახდინა. ბოლო მეოთხედში მისი აკადემიელები 24 ქულით (40:64) აგებდნენ და თითქმის
ყველამ ჩათვალა, რომ „სოხუმს“ მატჩი მოგებული ჰქონდა, თუმცა… აკადემიელებმა ბოლომდე
იბრძოლეს, ერთ ეპიზოდში 13:0 გაქცევა მოაწყვეს, ბოლო წუთებზე კიდევ უფრო მოინდომეს
და ჩამორჩენა 2 ქულამდე (65:67) შეამცირეს.
სოხუმი – აკადემია   73:70

ბოლო წამებზე აკადემიელებს აღარ გაუმართლათ – გადამწყვეტ
შეტევაში, რომლის შედეგიანად დაგვირგვინების შემთხვევაში ანგარიშს ათანაბრებდნენ, ბურთი
დაკარგეს და მასთან ერთად მოგების შანსსაც გამოეთხოვნენ.

გამარჯვებულ სოხუმელებს 17 ქულით ტატო ზუზაძემ ულიდერა,
ხოლო კოტე ბიწაძემ ორმაგი დუბლი – 10 ქულა, 15 მოხსნა მიითვალა. ერთი მოხსნა დააკლდა
ორმაგ დუბლამდე რომა კვერნაძეს, რომელმაც 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. „აკადემიაში“
16 ქულით გიორგი თევდორაშვილი გამოირჩა, ხოლო ნიკა ღურწკაიამ ორმაგ დუბლს უწია –
13 ქულა, 14 მოხსმა.
მგზავრები – არმია  –  მაკაბი     100:89

მეორე მატჩი საინტერესოდ დაიწყო. დავით ქარციძის შედეგიანობითა
და მის თანაგუნდელთა დახმარებით „მაკაბი“ თავიდან ამარცხებდა „მგზავრები-არმიას“ ლაშა
ელბაქიძის გაწვრთნილმა მაკაბელებმა არმიელებს პირველი მეოთხედი 21:20 მოუგეს, თუმცა
შემართება და სიზუსტე მეორე პერიოდში ვეღარ შეინარჩუნეს და ათწუთეული 14:28 დათმეს.

დიდი შესვენების შემდეგ მაკაბელებმა ვითარება ვეღარ
გამოასწორეს, მესამე მეოთხედი 5 ქულით დათმეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში
იძალეს, საბოლოოდ მაინც 10 ქულაზე მეტით – 89:100 წააგეს. „მგზავრები-არმიაში“ 22 ქულით
გიორგი ტურძელაძე გამოირჩა, 21 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა ლუკა ზაქრაძემ,
ხოლო სანდრო სანაძემ ორმაგი დუბლი სხვა მაჩვენებლით შეასრულა. მის ანგარიშზე 14 ქულა
და 11 პასი დაგროვდა. 2 მოხსნაც და სანაძე სამმაგ დუბლს მიითვლიდა. დამარცხებულებში
33 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო დავით ქარციძე გახლდათ, ხოლო დიმიტრი მეტრეველმა
პირად ანგარიშზე 29 ქულა ჩაიწერა.

ჩემპიონატის მორიგი მატჩი ხვალ, 25 მარტს, საკალათბურთო
აკადემიაში გაიმართება გაიმართება. „მგზავრები-არმია“ რუსთავს“ უმასპინძლებს.