ფინალური სერია
„სოხუმის“ შთამბჭდავი გამარჯვებით დაიწყო. თემურ კანკიასა და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი
გუნდი მაყურებლის წინაშე 2 რადიკალურად განსხვავებული სახით წარსდგა.
პირველ მეოთხედში
სოხუმელებმა თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდეს და პერიოდი 5:24 წააგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში
დიდებულად ათამაშდნენ და მიუხედავად 19-ქულიანი ჩამორჩენისა, ლიდერობა უკვე დიდი შესვენებისთვის
მოიპოვეს – 35:34.
შეიძლება ითქვას,
რომ პირველ მეოთხედში „ოლიმპს“ ყველაფერი გამოუვიდა, „სოხუმს“ კი – არაფერი. აცილებული სამქულიანები, სწრაფი გარღვევები
და ბევრჯერ დაკარგული ბურთი – ეს იყო ზღვისპირელთა გუნდი პირველ მეოთხედში. ის 5 ქულა,
რომელიც საწყის 10-წუთეულში მოიპოვეს, საჯარიმო სროლებზე მოდის. სოხუმელთა შეცდომებით
კარგად სარგებლობდნენ ოლიმპელები, რომლებიც როგორც შორი სროლებით, ისე ფარქვეშიდან
ქულებს უხვად იხვეჭდნენ და 19-ქულიან ლიდერობასაც მიაღწიეს.
მეორე პერიოდი
სოხუმელთა ლატვიელი ლეგიონერის, კარლის მიუჟნიექსის ბენეფისად იქცა. ბალტიისპირელმა
უკანახაზელმა 2 სამქულიანი, სწრაფი გარღვევები და საჯარიმოები ჩააგდი, ჯამში 14 ქულა
მოაგროვა და პირადად მისი დამსახურება იყო, სოხუმელებმა უდიდესი ჩამორჩენის აღმოფხვრა
უკვე დიდი შესვენებისთვის რომ მოახერხეს. მიუჟნიექსის
შემართებამ მის თანაგუნდელებს დამაჯერებლობა შემატა, კახა ჯინჭარაძემ ჩვეული სწრაფი
გარღვევები წამოიწყო, ხოლო ოთო ბულიავამძალიანსაჭირო ეპიზოდში სამქულიანი მიითვალა.
შედეგად „სოხუმმა“ 30:10 მოიგო მეორე პერიოდი და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ლიდერობით
გავიდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპელებს პირველ მეოთხედში ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი
გიორგი ცირეკიძე გამოაკლდათ.
მესამე ათწუთეულში
სოხუმელებმა ინიციატივა არათუ დათმეს, უფრო დამაჯერებლად ათამაშდნენ. მიუჟნიექსსა და
ჯინჭარაძეს მხარი ზაზა გაგნიძემ და ჯაბა არაბულმაც აუბეს, უკანა ხაზში სანდრო მეგენეიშვილმაც
იყოჩაღა და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სოხუმელებმა უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს
– 60:46. ბოლო პერიოდის დასაწყისში ზღვისპირელთა ლიდერობამ 19 ქულას მიაღწია
(65:46) და მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა. ოლიმპელები გამარჯვების მცირე შანსს
ჩაეჭიდნენ და სოხუმელები ანერვიულეს კიდეც – საბა ლობჯანიძემ და ნოდარ გოგოძემ სამქულიანებით
ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ სოხუემელებმა გადამწყვეტ მომენტშიც იყოჩაღეს,
ჯინჭარაძემ, მიუჟნიექსმა და არაბულმა შეტევაში საჭირო ქულები მოიპოვეს და სოხუმელებმა
გამარჯვება გაინაღდეს.
საბოლოოდ, ,,სოხუმმა’’
80:71 იმარჯვა დასერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებულთაგან 23 ქულითა და 12 მოხსნით
კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 21 ქულით მიუჟნიექსმა გამოიჩინეს თავი. 15 ქულა დააგროვა ჯაბა
არაბულმა, ხოლო ბულიავამ 12-12 ქულა-მოხსნა მიითვალა. მატჩის ბომბარდირი ოლიმპელი ნოდარ
გოგოძე გახდა 27 ქულით, ხოლო ირაკლი მიქელაძემ თამაში 14 ქულით დაასრულა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 11 აპრილს, კვლავ საკალათბურთო აკადემიაში, 20 საათზე გაიმართება. თუკი კვლავ სოხუმელები მოიგებენ, ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებენ, თუ არადა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა სუპერლიგის ტურის დღეს, სპორტკომპლექს „არენაში“ ჩატარდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლიკა ქაჯაია
(სოხუმი): შეხვედრის საწყისი ათწუთეული საშინლად დავიწყეთ, თუმცა
მეორე ტაიმში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, თამაში გამოვასწორეთ, გადამწყვეტ მომენტში
მობილიზება მოვახდინეთ და გავიმარჯვეთ. დღევანდელმა თამაშმა დაამტკიცა რომ 20-წლამდელთა
ჩემპიონატი სიურპრიზებითაა სავსე, გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. და ორივე გუნდი
იმსახურებს გამარჯვებას. განმეორებით მატჩში,
რომელიც კვლავაც უაღრესად დაძაბული იქნება, ვეცდებით ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ
და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ.
დიმიტრი ჟაკობოვი
(ოლიმპი): პირველ რიგში მივულოცავ მოწინაღმდეგე გუნდს გამარჯვებას
და მადლობას გადავუხდი ასეთი საინტერესო თამაშისთვის. პირველი პერიოდი ძალინ კარგად
დავიწყთ და 19-ქულიანი უპირატეოსბა მოვიპოვეთ, თუმცა შემდგომ უამრავი შეცდომა დავუშვით
როგორც დაცაში ასევე შეტევაში. დღევანდელი შეხვდრის განხილვას ხვალ შევუდგებით. იმედია სწორ ანალიზს გამოვიტანთ
და განმეორებით მატჩში სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ. ყურადღებას აგრესიულ დაცვაზე გავამახვილებთ.
კარლ მიუჟნიექსი(სოხუმი): შეხვედრა ძალიან
ცუდად დავიწყეთ და პირველი მეოთხედი დიდი სხვაობით დავთმეთ. თუმცა, მობილიზება მოვახდინეთ,
დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ვიასპარეზეთ
და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
ნოდარ გოგოძე(ოლიმპი): თავიდან ძალიან
კარგად დავიწყეთ, დაცვაშიც და შეტევაშიც ყველაფერი გამოგვდიოდა, თუმცა შემდეგ მოვდუნდით
და ბევრი შეცდომა დავუშვით. ბოლოს უფრო გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ გვიან იყო. მომავალი
შეხვედრისთვის შეცდომებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ,რათა ჩემპიონის ვინაობა მესამე
თამაშმა გამოავლინოს.