სტატისტიკა
გალერეა
თემურ კანკიასა და დავით მუშკუდიანის გაწვრთნილმა „სოხუმმა“
ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში 93:86 სძლია „აკადემიას“ და ფინალში
გავიდა. საჩემპიონო სერიაში სოხუმელები „ოლიმპს“ შეუერთდნენ, რომელმაც ნახევარფინალი
რუსთაველებს 2 მატჩის ჯამში – 2:0 მოუგო.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სოხუმელები პირველ
მეოთხედში 16 ქულით აგებდნენ და მატჩის მსვლელობისას სწორი ტაქტიკური ცვლილებების შედეგად
თამაშში გარდატეხა შეიტანეს. აკადემიელებმა ვეღარ ააგეს თამაში სწრაფ შეტევებზე, რადგან
სოხუმელებმა ტემპს უმატეს და შორი სამიზნეც გაისწორეს.
პირველი მეოთხედის 9 ქულით წაგების შემდეგ სოხუმელებმა
მეორე პერიოდი 23:19 მოიგეს და გადამწყვეტი დარტყმა აკადემიელებზე მესამე პერიოდში
მიიტანეს. სწორედ მესამე პერიოდის შუაწელში მოიპოვეს სოხუმელებმა ლიდერობა და მეოთხე
ათწუთეულის ახალდაწყებულზე კანკიას გუნდის უპირატესობამ 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
საბოლოოდ, სოხუმელებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს მატჩი
და სერიაში საერთო ანგარიშით 2:1 გამარჯვება იზეიმეს. „სოხუმში“ 22 ქულით ბომბარდირი
გახდა ლუკა ბულიავა, 19 დააგროვა ტატო ზუზაძემ, ხოლო კოტე ბიწაძემ ორმაგი დუბლი გაიფორმა
– 17 ქულა,13 მოხსნა. აკადემიელთაგან 22 ქულით საუკეთესო შედეგი გიორგი თვდორაშვილმა
დააფიქსირა, ლუკა გიორგაძემ და ნიკა დარბაიძემ 15-15 ქულა და ორმაგი დუბლები მიითვალეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია(,,სოხუმის’’
მთავარი მწვრთნელი): როგორც ვვარაუდობდით, ძალიან კარგი და რთული თამაში
გამოვიდა. პირველი ტაიმი წავაგეთ, რადგან ცუდად დავიწყეთ როგორც წინა ორ შეხვედრაში.
საბედნიეროდ, მესამე პერიოდში ვიპოვეთ ჩვენი თამაში, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავტეხეთ
მეტოქე და ბოლომდე ბრძოლა მიმდინარეობდა. მივულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას. რაც
შეეხება ფინალს, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ მეტოქე უფრო ძლიერია, მაგრამ ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.
გელა წულაძე(,,აკადემიის’’
მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას. ღირსეულმა მოიგო და
ფინალშიც გავიდა. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
ლუკა ბულიავა(,,სოხუმის’’
კალათბურთელი): ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა, მეტოქემაც კარგად
ითამაშა. დაცვაში ზუსტი და გუნდური თამაშის წყალობით მოვახერხეთ და გადამწყვეტი მატჩი
ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ
ფინალში.