სოხუმმა ქუთაისში იმარჯვა

სოხუმმა ქუთაისში იმარჯვა

სტატისტიკა 

20-წლამდელთა
ჩემპიონატის ერთი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა ,,სოხუმს’’
უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 79:86  დამარცხდა.

შეხვედრის პირველი
ნახევარი თანაბარი გამოდგა. ლიდერი ხშირად იცვლებოდა და ვერც ერთი გუნდი საიმედო უპირატესობის
მოპოვებას ვერ ახერხებდა.  სტუმრებს წინ გასვლის
საშუალებას არ აძლევდა ირაკლი მაცაბერიძე, რომელმაც პირველ ტაიმში ქუთაისელებს 20 ქულა
შესძინა.  ამის მიუხედავად, სოხუმელებმა დიდი
შესვენებისთვის მცირე უპირატესობის მოპოვება მაინც შეძლეს – 46:49.

სოხუმელებმა განსაკუთრებით
კარგად ჩაატარეს მე-3 პერიოდი. ცქიფურიშვილის და ბულიავას ზუსტი თამაშის წყალობით სტუმრები
ბოლო ათწუთეულის წინ 15 ქულით დაწინაურდნენ. 
თუმცა ქუთაისელებმა ანგარიშის შემცირება და თამაშისთვის დაძაბულობის დაბრუნება
ბოლოს მაინც მოახერხეს. მატჩის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე ირაკლი მაცაბერიძის 2-ქულიანით
სხვაობა 3 ქულამდე დავიდა – 79:82. ეს ქუთაისელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა. ბოლო წუთი სოხუმელებმა
მობილიზებულად ჩაატარეს და მოპოვებული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე
გადაინაცვლეს.

სოხუმელებს
22 ქულით ვიტალი ცქიფურიშვილმა ულიდერა, რომელმაც ქულებთან ერთად გუნდს 9 მოხსნა და
6 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 18 ქულა ჰქონდა ლუკა ბულიავას, 12 ქულა და 7 მოხსნა
დაგროვდა შოთა კუჭავას ანგარიშზე, რატი მარგალიტაძემ და ირაკლი ჯანხოთელმა კი
10-10 ქულა მიითვალეს.

‘’ქუთაისში’’
საუკეთესო ირაკლი მაცაბერიძე იყო, რომელიც 31 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. ორმაგ
დუბლამდე მას 1 მოხსნა დააკლდა. რატი ნუცუბიძემ ქუთაისელებს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
 

20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგ შეხვედრებს 4 მარტს საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.