თსუ საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩში, რომელიც ძალიან დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა, რუსთავს მოუგო. მატჩის ბედი ბოლო წუთზე თსუ-ს სასარგებლოდ გადაწყდა – 102:97 (სტატისტიკა).
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარებდა. თავიდან რუსთავი იგებდა, რომელმაც პირველ პერიოდში 28:24 იმარჯვა. თსუ-მ მეორე ათწუთეულიდან უპირატესობა მოიპოვა, რასაც გუნდის ლიდერების პოზიციების გამყარებით მიაღწია. გუჯა ხვედელიძემ, ლაშა მესხმა და ლუკა მამლიკიძემ (თსუ სწორედ ამ 3 მოთამაშეზე დგას), საკუთარი თამაში იპოვეს და უნივერსიტეტელები გაალიდერეს.
დიდ შესვენებამდე რუსთაველებმა მოახერხეს წარმატებულ რელსებზე დაბრუნება, რაც მეტწილად ლევან ტურაშვილისა და დათა ჩხეიძის შედეგიანობის დამსახურება გახლდათ.პირველი პერიოდის შემდეგ ისევ რუსთავი იგებდა, მხოლოდ ქულით – 49:47. ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა თამაში ბოლო წუთებამდე. აღსანიშნავია, რომ თსუ-მ ლუკა მამლიკიძის ფარქვეშ გააქტიურების შედეგად ბოლო პერიოდში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რასაც რუსთავი, ცხადია, არ ანებებდა და მეტოქეს ხან 2 ქულით მიუახლოვდებოდა, ხანაც სხვაობას მინიმუმამდე ამცირებდა.
ბოლო წუთზე თსუ-მ მეტი მონდომება და სიზუსტე გამოავლინა. რუსთაველებს ეგებ მოეგოთ, ბოლო წუთზე სამქულიანები რომ ჩაეგდოთ, მაგრამ ბოლო იმედი შანსი, შორი სროლები არ წაუვიდათ. თსუ-მ გამარჯვება მოიპოვა, რაშიც 35-ქულიანი წილი გუჯა ხვედელიძემ დაიდო. 31 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი ლაშა მესხმა მოაგროვა. სარგებლიანობის კოეფიციენტით (38) საუკეთესო ლუკა მამლიკიძეს 25 ქულა, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი დაუგროვდა.
რუსთაველთაგან 32 ქულით ბომბარდირი გახდა ლევან ტურაშვილი. 18 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა დათა ჩხეიძემ მოაგროვა. ბადრი გელაშვილმა და ნიკა ჯანყარაშვილმა ორმაგი დუბლები მოაგროვეს – პირველმა 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მეორემ – 17 ქულა და 11 მოხსნა.
მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თსუ-ს გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები ბრინჯაოს მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, დავით თორთლაძემ და საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვეს. გუნდის კაპიტან, ლუკა მამლიკიძეს მე-3 ადგილის მფლობელი გუნდისთვის განკუთვნილი სერთიფიკატი გადაეცა.