ვახტანგ ქადარია
Redbull King of The Rock-ის
მსოფლიო ფინალის მესამე ადგილის მფლობელია. ტაივანის კუნძულ სამასანაზე გამართულ ერთი-ერთზე ქუჩის კალათბურთში
ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა მოქმედი ჩემპიონი, „მხეცად“ წოდებული
ამერიკელი ტარონ უილიამსი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ კივანჩ
დილნერთან დამარცხდა.
ქართველი სპორტსმენისთვის
ნახევარფინალში გასვლა სოლიდური წარმატება გახლდათ, რამეთუ სამასანას კუნძულზე თავი
მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებმა მოიყარეს. ქადარია ტაივანში Redbull King of
The Rock-ის საქართველოს ჩემპიონის რანგში იმყოფებოდა, დანარჩენი 31 მონაწილე კი მსოფლიოს
22 ქვეყანას წარმოადგენდნენ.
ქადარიას პირველ
წრეში ამერიკელი უილიამსი შეხვდა, რომელსაც დამაჯერებლად სძლია. მეორე წრეში – მერვედფინალში
ქართველ სპორტსმენს გასული წლის Redbull King of The Rock-ის ტრიუმფატორი, ამერიკის
განთქმულ ციხე „ალკატრასში“ გაჩემპიონებული ტარონ უილიამსი შეხვდა. ქადარიამ მოქმედ
ჩემპიონს არაფერი არ დაუთმო.
ვახტანგს მეოთხედფინალშიც
ამერიკელი შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მხოლოდ ამერიკას ჰყავდა რამდენიმე წარმომადგენელი,
რომელთა რიცხვიც 5-ს შეადგენდა. ქადარიამ მესამე წრეშიც იძალა. მანამდე იაპონელისა
და ყაზახი მეტოქეების მძლეველ ამერიკელს, გვარად შელდონს ქადარიამ დაძაბულ ბრძოლაში
მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ტურნირის 4 საუკეთესო
მონაწილეს შორის მოხვედრილმა ქადარიამ ნახევარფინალში მარცხი მომავალ ჩემპიონთან,
37 წლის კივანჩ დილნერთან განიცადა. თურქი კალათბურთელი ტურნირის მონაწილეთაგან ყველაზე
ხნიერი იყო, თუმცა გამოცდილებისა და ძალთა სწორი გადანაწილების ხარჯზე ფინალში ხომ
გავიდა და საჩემპიონო მატჩში პანამელი ორლანდო ორტეგას ძლევით მსოფლიო კლდის მეფის
ტიტული მოიპოვა.
ქადარიასთან ერთად
სამასანაზე გამგზავრებულმა აზერბაიჯანელმა ზაურ ფაშაევმა პირველივე წრეში სწორედ კივანჩ
დილნერთან წააგო. ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები სამასანაზე კავკასიის რეგიონის
„რედბულის“ ოფისის ღონისძიებათა მენეჯერის, ბექა გოლეთიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ.
სწორედ ამ ოფისმა მოაწყო Redbull King of The Rock-ის მსოფლიო შესარჩევი ტურნირები
საქართველოსა და აზერბაიჯანში.
Redbull King
of The Rock-ის რიგით მე-5 სეზონი დასრულებულია. მომავალი სეზონი 2015 წლის ზაფხულში
გაიმართება.